2000-იანი წლების დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მყარი მობილური ტელეფონი Nokia 3310 მობილური ტელეფონების ბაზარზე ბრუნდება.
ფინური კომპანია HMD Global მოდერნიზებულ Nokia 3310-ს ამავე სახელწოდებით გამოუშვებს ბაზარზე. კომპანიამ უკვე წარადგინა განახლებული Nokia 3310-ის ახალი ვერსია.
ტელეფონს გაუმჯობესებული ტექნიკური მონაცემები აქვს და ძველ მოდელთან შედარებით უფრო თხელი და მსუბუქია. აღსანიშნავია, რომ განახლებულ მოდელს Nokia-ს საფირმო ზარები აქვს.
მობილურის ელემენტი ლოდინის რეჟიმში თითქმის 1 თვე, საუბრის რეჟიმში კი 2-დღემდე ძლებს. ტელეფონი აღჭურვილია თანამედროვე ეკრანით, რომელიც მზის შუქზეც გარჩევადობის მაღალ ხარისხს იძლევა. „რეტრო ნოკიის“ პლუსებში შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ 2-სიმბარათიანია.
რაც შეეხბა ნაკლოვანებებს, ეს არის კამერა, რომელიც მხოლოდ 2 მეგაპიქსელია, ასევე სუსტია 16 მეგაბაიტიანი მეხსიერების საცავი.
მოდერნიზებული Nokia 3310 ხელმისაწვდომი იქნება წითელი, ყვითელი, ნაცრისფერი და ლურჯი ფერის კორპუსებში და 49 ევრო ეღირება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება გაყიდვები.
Nokia 3310 მსოფლიო ბაზარზე პირველად 17 წლის წინ, 2000 წელს გამოჩნდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
კოკა კვირკველია