აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობა იზრდება - 20 კომპანიის პროდუქციის დეგუსტაცია ბოსტონსა და ნიუ-იორკში

ბოსტონსა და ნიუ-იორკში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა. ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრო.

ბოსტონში გამართულ ღვინისა და სპირტიანი სასმელების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში "Boston Wine Expo", ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 18 კომპანია მონაწილეობდა.

"Boston Wine Expo" წელს 26-ედ ჩატარდა და მას ტრადიციულად ათასობით სტუმარი - ღვინის იმპორტიორი, დისტრიბუტორი, სომელიე და მედიის წარმომადგენელი სტუმრობდა. გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. ქართულმა სტენდმა გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

ამასთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მარკეტინგული კომპანია "Marqenergie"-ს ერთობლივი ორგანიზებით, ნიუ-იორკში "ქართული ღვინის დღე" მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 40 დასახელების როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინოები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორი დეგუსტაცია-სემინარი - პირველი ღვინის იმპორტიორებისა და მეორე - ღვინის დამფასებლებისა და მოყვარულებისათვის. ინტერესი აღნიშნული ღონისძიების მიმართაც დიდი იყო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქართულ ღვინოს ამერიკის ბაზარზე დამკვიდრების კარგი პოტენციალი აქვს.

"აშშ-ის ბაზარი ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია ქართული ღვინისთვის, პოტენციალი ამ ბაზარზე უფრო მეტი გვაქვს. ღვინის ეროვნულ სააგენტოს კერძო სექტორთან ერთად შემუშავებული აქვს მარკეტინგული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით, რამაც უკვე მოიტანა კონკრეტული შედეგები ექსპორტის მატების სახით ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით" - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია "Georgian Wine House"-ის ხელმძღვანელი მამუკა წერეთელი მიიჩნევს, რომ მსგავსი ღონისძიებებით ქართულ ღვინოს აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების კარგი შესაძლებლობა ეძლევა. იხილეთ გაგრძელება