"ბათუმის ტრანსპორტის” დირექტორმა პოსტის დატოვება გადაწყვიტა

შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" დირექტორმა გიორგი ლორიამ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადებით მიმართა.

გიორგი ლორიას მიაჩნია, რომ მძღოლების პრეტენზიები უსაფუძვლოა და მათ ”გარე ძალები” მართავენ. თუმცა, მისი თქმით, ხალხის დაპირისპირება დროულად უნდა შეწყვეტილიყო და რადგან ვერ შეწყდა, თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

"არ ვეთანხმები გაფიცვაში მონაწილე მძღოლების არც ერთ პრეტენზიას მათი უსაფუძვლობის გამო. უფრო მეტიც, ისინი იქცნენ გარე ძალების პროვოკაციული ზრახვების შესრულების იარაღად. მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი თანამდებობა არ ღირს იმად, რომ გაგრძელდეს და გაღვივდეს ხალხის დაპირისპირება და კონფრონტაცია, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ", - აღნიშნულია გიორგი ლორიას განცხადებაში.

თუმცა, ამავდროულად, გიორგი ლორია საკრებულოს თხოვნით მიმართავს, მისი გამოცდილება გაითვალისწინონ სხვა შესაფერის თანამდებობაზე.

აღნიშნულ განცხადებას საკრებულო თებერვლის ბოლო რიცხვებში სხდომაზე განიხილავს და სავარაუდოდ, დააკმაყოფილებს.

გიორგი ლორიას თანამდებობიდან გადადგომას მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები ცხრა დღის განმავლოაბში ითხოვდნენ. მძღოლების გაფიცვის გამო, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები არ მუშაობდა. მძღოლები აცხადებდნენ, რომ შპს-ის ხელმძღანელისგან ერთი წლის წინ მიღებული დაპირებები ხელფასის გაზრდის, პროფკავშირებისათვის სამუშაო ფართის გამოყოფისა და კოლექტიური მოლაპარაკებების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.