ავტონაწილების ბაზარზე ფალსიფიკაციის საფრთხე საშიშ ზღვარს აღწევს. მომხმარებელი მასობრივად იაფ სათადარიგო ნაწილებს ყიდულობს, რამაც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ქვეყანაში სერიოზული პრობლემა შექმნა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, იმპორტიორების ინფორმაციით, ბაზრის 60-70% უხარისხო ავტონაწილებს უჭირავს, რაც მხოლოდ და მხოლოდ პროდუქციის სიიაფითაა გამოწვეული.
შეიძლება ითქვას, საქართველოს გზებზე საშიში ავტომობილები დადის. ქვეყანა სავსეა მეორადი, გაურკვეველი წარმომავლობის ავტონაწილებით, ჩამოწერილი საბურავებით და აზბესტის შემცველობის ხუნდებით, რომლის გამოყენების შედეგადაც ადამიანები სასუნთქი გზების კიბოს პოტენციური მატარებლები არიან. საქართველოს ბაზარი აბსოლუტურად უკონტროლოა, შედეგად მატულობს საგზაო შემთხვევები, ბინძურდება გარემო და ადამიანები სულ უფრო ხშირად ავადდებიან.
როგორც ავტოიმპორტიორები განმარტავენ, ფალსიფიცირებული სათადარიგო ნაწილი, ორიგინალთან შედარებით, 4-5-ჯერ ნაკლები ღირს, რაც ადეკვატურ გავლენას რეალიზაციაზეც ახდენს.
კომპანია "ავტობანის" დამფუძნებლის ბაკურ ხუნდაძის ინფორმაციით, უხარისხო პროდუქტის უპირატესობა მხოლოდ ფასია, რის გამოც მას მომხმარებლის აშკარა უმრავლესობა ყიდულობს.
"ქართულ ბაზარზე მასობრივად შემოდის იაფი და უხარისხო ნაწილები, რომლის მიმართაც მძღოლების ინტერესი დიდია. ფასის გამო ისინი სწორედ ფალსიფიცირებულ პროდუქციაზე აკეთებენ არჩევანს. თურქეთიდან, დუბაიდან და ჩინეთიდან შემოსული ავტონაწილები, ორიგინალურთან შედარებით, 4-5-ჯერ იაფია და მყიდველიც მას ეტანება. ბაზრის ნახევარზე მეტი, 60-70% სწორედ ასეთ საქონელს უჭირავს. უფრო კერძო პირები ყიდიან, მსხვილი კომპანიები უხარისხო ნაწილების რეალიზაციით ნაკლებად არიან დაინტერესებული", - აცხადებს ბაკურ ხუნდაძე და დასძენს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაზარზე ხარისხიანი პროდუქტის დეფიციტია, არ შეესაბამება სიმართლეს.
"დეფიციტზე საუბარი უხერხულია, რადგან ეს პრობლემა ბაზარზე რეალურად არ არის. ხარისხიანი, "ორიგინალი ნაწილებით" სავსეა ბაზარი და ამ სეგმენტს თავისი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რეალიზაციის პრობლემა არ არის. მძღოლების უმეტესობა იაფი ავტონაწილების მომხმარებელია. ასეთია ჩვენი მომხმარებლის ფსიქიკა და ვერაფერს შეცვლი.
ეს პრობლემა სავალუტო კრიზისს არ მოუტანია, ადრეც ასე ხდებოდა, მაგრამ ლარის გაუფასურებამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. შეიძლება, არ გვინდა ამის აღიარება, მაგრამ ავტოავარიების დიდი უმეტესობა, შესაძლოა, უხარისხო ნაწილების გამო ხდებოდეს. საფრთხე დიდია, აბსოლუტურად ყველა ნაწილის გაყალბება ხდება.
ავარიის გამომწვევ მიზეზს დაწვრილებით არავინ იკვლევს. ხშირ შემთხვევაში, ავტოშემთხვევების მიზეზად გადაჭარბებულ სიჩქარეს ასახელებენ, მაგრამ არავინ ამბობს, მართლა სიჩქარეა, თუ პრობლემა მანქანის გაუმართაობამ გამოიწვია", -აცხადებს ხუნდაძე.
იმპორტიორების შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ დაიცვას ბაზარი ფალსიფიკაციისგან, რაც პიკურ მაჩვენებელზეა.
ავტონაწილების მაღაზიის მფლობელი სოსო გრძელიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ რეალიზაციის დიდი წილი მაღაზიაში იაფ ავტონაწილებზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ძვირიანი ნაწარმის სექციაც აქვთ, მას ძალიან ცოტა მომხმარებელი სტუმრობს.
თითქმის ყველა დასახელების ავტონაწილი გვაქვს. ეს არის როგორც ჩინური და თურქული პროდუქცია, ასევე ევროპულიც. ამ უკანასკნელს მაღაზიაში მცირე სეგმენტი უჭირავს, მყიდველიც ცოტა ჰყავს. თურქულთან შედარებით იმდენად ძვირი ღირს, რომ არჩევანს მომხმარებელი სწორედ იაფ სათადარიგო ნაწილებზე აკეთებს. რა თქმა უნდა, არც ორიგინალური ნაწილები რჩებათ შეუმჩნეველი, მაგრამ საბოლოოდ მაინც იაფფასიანს ყიდულობენ.
დღესდღეობით ძალიან ბევრი ინფორმაციაა სატრანსპორტო სფეროს უსაფრთხოებაზე და იშვიათად მეგულება ადამიანი, ვინც პროფესიონალების რეკომენდაციებს ითვალისწინებს. თუ არ იქნა სახელმწიფო პოლიტიკა, არაფერი მოგვარდება. ცხადია, პრობლემას მარტო გაჭირვებას ვერ დავაბრალებთ, თუმცა ესეც ერთ-ერთი მიზეზია. ხალხს არ აქვს ფული და ყველა დაზოგვაზე ფიქრობს. ამიტომ ყიდულობენ თურქულ და ჩინურ ავტონაწილებს, რათა პრობლემა როგორმე მოაგვარონ. მთავარია, ამით ძვირიანი ნაწილის ყიდვას გადარჩნენ", - განმარტავს სოსო გრძელიძე.
საფრთხეზე საუბრობენ სპეციალისტებიც, რომელთა ინფორმაციითაც, უსაფრთხოების არანაირი სტანდარტი არ არსებობს და ბაზარი მთლიანად უკონტროლოა.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის თქმით, ფალსიფიკაცია იმდენად დიდია, რომ ხშირ შემთხვევაში, პატიოსანი გამყიდველიც კი ვერ იძლევა გარანტიას, გამოდგება თუ არა მასთან ნაყიდი ნაწილი.
"ჩვენთან, ძირითადად, გავრცელებულია "მერსედესისა" და "ბეემვეს" ავტომობილები, რომლებსაც "სატაქსაოდ" იყენებენ. მათი მფლობელებისთვის ორიგინალი ნაწილების შეძენა ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ფიზიკურად, ამ წლოვანების ავტომობილების სათადარიგო დეტალებს ქარხნები აღარც უშვებენ, თუმცა, ვინაიდან მოთხოვნა არსებობს, თურქეთსა და ჩინეთში აწარმოებენ მარაგნაწილებს. ასეთ დეტალებს ძალიან ბევრი წუნი აქვს და ამის მომსწრე თავადაც ვყოფილვარ.
შეიძლება ითქვას, საქართველოში უსაფრთხოების არანაირი სტანდარტი არ არსებობს. წესით ავტომობილი უნდა შეკეთდეს ქარხნული წესით გამოშვებული ავტონაწილებით. ჩვენთან არავინ იცის, რა შემოდის და არის თუ არა იგი უსაფრთხო. უნდა ითქვას ისიც, რომ მეორადი ავტონაწილების რეალიზაციიდან ბიუჯეტში თითქმის არაფერი შედის და ამ შემთხვევაში მოგებული მხოლოდ გადამყიდველია", - ამბობს მესხიშვილი.
განვითარებულ ქვეყნებში მეორადი ავტონაწილების გამოყენება სასტიკად აკრძალულია. მანქანის შეკეთებისას მხოლოდ ქარხნული წესით დამზადებული მარაგნაწილები გამოიყენება. საქართველოში ეს წესი არ მოქმედებს. სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობა, რომლისთვისაც მანქანა შემოსავლის ერთადერთი წყაროა, საერთოდ არ უყურებს ავტონაწილის წარმომავლობასა და ექსპლოატაციის ვადას. მისთვის მთავარი ფასია.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"