,,სილიკონ ველი თბილისის’’ სივრცეში კიდევ ერთი მსოფლიოში ცნობლი ტექნოლოგიური კომპანია Symantec/Veritas-ი შემოდის

მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი კომპანია ინფორმაციულ ტექნოლოგიებში Symantec/Veritas-ი ,,სილიკონ ველი თბილისის’’ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმოდგენილი იქნება მაღალტექნოლოგიურ საერთაშორისო ლაბორატორიაში, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება.

მაღალტექნოლოგიურ საერთაშორისო ლაბორატორიაში დაინერგება მსოფლიოს ტექნოლოგიურ ბაზარზე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული სიახლეები და პროგრამები, ერთ სივრცეში გაერთიანდება სხვადასხვა წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მიღწევები. Symantec/Vertias მეორე კომპანიაა, რომელმაც ,,სილიკონ ველი თბილისთან’’ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მანამდე თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა მსოფლიოს კიბერუსაფრთხოების ბაზარზე მომუშავე წამყვან ტექნოლოგიურ კომპანია ,,Check Point”-თან. bpn

,,სილიკონ ველი თბილისის’’ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სივრცეში მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო ლაბორატორიის შექმნა საერთაშორისო კომპანია ,,სოფთლაინ საქართველოსთან’’ თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს.

აღნიშნულ ლაბორატორიაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტის სტუდენტებს, სახელმწიფო კომპანიებისა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში მიმდინარე სიახლეებს, ინფორმაციული ტექნოლოგიების ლიდერი კომპანიების პროდუქტებს, მათ საშუალება მიეცემათ, თვითონ გამოსცადონ მსოფლიოში წარმატებული პროდუქტების ტესტირება.

bpnმაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, ,,სილიკონ ველი თბილისის“ და „სოფთლაინ საქართველოს“ ადგილობრივი და ასევე სხვა ქვეყნებიდან მოწვეული საერთაშორისო სერთიფიცირებული ინჟინრები პერიოდულად ჩაატარებენ სემინარებს და ტრენინგებს დაინტერესებულ პირთათვის - სრულიად უფასოდ, რაც ასევე უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე.

ამ ეტაპზე, „სილიკონ ველი თბილისი“-თან და „სოფთლაინ საქართველო“-სთან მსოფლიო ბაზარზე მოღვაწე რამდენიმე სხვა წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებას, რათა მათი პროდუქტებიც იქნეს წარმოდგენილი ტექნოლოგიური ლაბორატორიის სივრცეში.