ეკონომიკა ერთ ადგილზე დგას, ფასები იზრდება, ხალხი გაჭირვებას თავს ვერ აღწევს, - ასე შეაფასა ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური მაჩვენებლები.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ამ ტემპით საქართველო ათწლეულების განმავლობაში ღარიბ ქვეყნად დარჩება და მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი სიღარიბეს თავს ვერ დააღწევს.
”ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის არაკომპეტენტური, გაუმართლებელი და მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რასაც ადამიანები უკვე მეხუთე წელია საკუთარ ჯიბეზე გრძნობენ. საქართველოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი უკვე აისახა საერთაშორისო რეიტინგებზეც. ბლუმბერგის გლობალური რისკების რეიტინგში საქართველო ინვესტიციებისთვის ყველაზე სარისკო ქვეყნების ჯგუფში აღმოჩნდა. ”ქართული ოცნების” ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს გადასახადების შემცირებასა და საბიუჯეტო ხარჯების ფლანგვის პრაქტიკის დასრულებაზე, რაზეც ასეთი ეკონომიკური კრიზისის დროს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯებია”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2017 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა.