საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შემოდგომისთვის გაწევრიანდება

საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად გაიხსნა. ევროკავშირთან ურთიერთობის ახალი ეტაპი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარის, გიუნტერ ოტინგერის თბილისში ვიზიტით დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში გიუნტერ ოტინგერი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს შეხვდა.

"საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი ერა იწყება. გასული წლის ნოემბერში ვილნიუსში საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა და ამით შევიდა თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში. დღეიდან მოლაპარაკებებს ვიწყებთ საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე. ევროკავშირის გუნდი მხარს უჭერს ამ იდეას. ვთვლით, რომ საქართველო არის და იქნება სათანადო პარტნიორი ევროპისა ამ სფეროშიც. თუ გადავხედავთ აზერბაიჯანს, და ნავთობს, რომელიც იქ არის და რომელიც შეიძლება გავიდეს სამხრეთ კორიდორში საქართველოს გავლით, ეს ძალიან საინტერესოს ხდის თქვენს ქვეყანას, ვინაიდან ის არის უმნიშვნელოვანესი ზოლი რეგიონში", - განაცხადა ოტინგერმა პრესკონფერენციაზე.

ევროკომისარის განცხადებით, დასავლეთი საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვით არის დაინტერესებული.

"ევროკავშირი ცდილობს მოიზიდოს ინვესტიციები საქართველოში, რათა საქართველოს ენერგოსისტემა უფრო გაძლიერდეს და თქვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იყოს უფრო მდგრადი. ჩვენ გავცვლით მოსაზრებებს და გავუზიარებთ გამოცდილებებს ერთმანეთს და ხელს შევუწყობთ ინვესტიციებს თქვენ ქვეყანაში", - განაცხადა გიუნტერ ოტინგერმა.

ევროკომისარის თქმით, მისი ვიზიტის პარალელურად საქართველოში იმყოფება გერმანელ ბიზნესმენთა ჯგუფი. რომლებიც მასთან ერთად ენერგეტიკის ბიზნეს-ფორუმის გახსნას დაესწრებიან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიც "სიმენსი", გერმანიის რკინიგზა, გერმანიის ბანკი და "ჰაიდელბერგ ცემენტია". აღნიშნული ჯგუფის მთავარ მიზანს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების შესწავლა წარმოადგენს.

ოტინგერის განცხადებით, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, დაახლოებით, 6-8 თვეს გაგრძელდება და შეთანხმებას ხელს, სავარაუდოდ, მოქმედი ევროკომისიის ვადის ამოწურვამდე, მიმდინარე წლის ოქტომბრამდე, მოაწერენ.