„ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიამ დამატებით ოთხი ახალი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა.
როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, უწყებამ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შეარჩია 11 საჯარო სკოლა, რომლებსაც აღნიშნული მიკროავტობუსები მოემსახურება. დღეს ადაპტირებული ტრანსპორტი მე-60 საჯარო სკოლას გადაეცა. მიკროავტობუსების გადაცემის პროცესს სკოლაში თბილისის მერი დავით ნარმანია, მისი მოადგილე ნინა ხატისკაცი და მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა დაესწრნენ. მე-60 საჯარო სკოლაში, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი და საკრებულოს დეპუტატი თამარ ტალიაშვილი იმყოფებოდნენ.
თბილისის მერის თქმით, მიკროავტობუსების ტრანსპორტირებისა და ექსპლუატაციის ხარჯებს თბილისის მერია სრულად უზრუნველყოფს.
„გასულ წელს, სკოლებს ჩვენ 2 ადაპტირებული მიკროავტობუსი გადავეცით. წელს შევიძინეთ 4 და კიდევ 2 მიკროავტობუსის შეძენას ვგეგმავთ, რათა მთლიანად იყოს უზრუნველყოფილი ის საჭიროება, რაც ქალაქში ამ თვალსაზრისით არსებობს. მიკროავტობუსები მოემსახურებათ როგორც სპეციალური საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც მერიის პარასპორტულ ცენტრში ვარჯიშობენ. ამდენად, როგორც საგანმანათლებლო თვალსაზრისით, ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის უზრუნველყოფის მიზნით მსგავსი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ადაპტირებული ტრანსპორტით, თბილისში ამ ეტაპზე სულ 50 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სარგებლობს. „ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დამოუკიდებელ და უსაფრთხო გადაადგილებასა და სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობას.