„უმიზეზოდ, ახსნა-განმარტების გარეშე გამოგვადეპორტირეს“ - რას ჰყვებიან ისრაელიდან დეპორტირებული ქართველები

ისრაელიდან საქართველოს 30 დეპორტირებული მოქალაქე დეპორტაციის მიზეზების ახსნას ითხოვს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას დეპორტირებულებმა განაცხადეს, მათთვის დეპორტაციის მიზეზები არავის განუმარტავს და არც საბუთები შეუმოწმებიათ.

30-ვე მოქალაქე, მათ შორის ქალები, ისრაელში ჩაფრენისთანავე გადაიყვანეს სადეპორტაციო ციხეში და როგორც თავად ამბობენ, სამი დღის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ.

დეპორტირებულებმა ცოტა ხნის წინ ისრაელის საელჩოსთან აქცია გამართეს და ელჩთან შეხვედრა მოითხოვეს.

ერთ-ერთი დეპორტირებული მარი წერეთელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ის და მისი მეუღლე ისრაელში მოსალოცად ტურისტული ვიზით იყვნენ წასულები.

„უმიზეზოდ, ახსნა-განმარტების გარეშე გამოგვადეპორტირეს. დეპორტამდე გადაგვიყვანეს ციხეში, სადაც არაადამიანურად გვეპყრობოდნენ. არ გვქონდა ნორმალური საჭმელი, არც ჰაერზე გავყავდით, დაგვცინოდნენ. მე და ჩემი ქმარი ტრისტული ვიზით მოსალოცად ვიყავით წასულები, სამი წელია შვილი არ გვყავდა. ორივეს გვქონდა სამსახურისა და შვებულების ცნობა, ასევე ბანკიდან ხელფასის 6-თვიანი ამონაწერი. ნამდვილად კარგად ვცხოვრობთ და არ გვჭირდება იქ მუშაობა და არალეგალობა. ელჩი თუ არ შეგვხვდა, აეროპორტში მისვლას და ისრაელელი ტურისტების შემოსვლის გაპროტესტებას ვაპირებთ“.

კიდევ ერთი დაზარალებული გიორგი ბეჟანიშილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მთლიან ტურში გადახდილი ჰქონდა 2370 ლარი.

„სამი დღე ვიყავით ციხეში. არაფერი არ აუხსნიათ. აეროპორტიდან პირდაპირ ციხეში გადაგვიყვანეს. როგორც კი გასასვლელ პუნქტთან მივედი, პასპორტი მაშინვე ჩამომართვეს. ნაყიდი მქონდა სასტუმრო. ყველაფერი ჯამში 2370 ლარი დამიჯდა. პირველ რიგში, ვითხოვთ ახსნა-განმარტებას და შემდეგ უკვე კომპენსაციას და ყველაფრის ანაზღაურებას“, - განაცხადა ბეჟანიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოსა და ისრაელს შორის სავიზო რეჟიმი 2014 წლის 13 მარტიდან გაუქმდა. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოში მიემგზავრებიან ტურისტული ან კერძო ვიზიტით, შეუძლიათ ქვეყანაში უვიზოდ შესვლა და იქ 90 დღემდე ყოფნა 180-დღიან პერიოდში.

მგზავრობისათვის აუცილებელია, რომ პირმა იქონიოს უკან დასაბრუნებელი ბილეთი და მოქმედი პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს შესვლიდან სულ მცირე 6 თვეს.

გარდა ამისა, მგზავრებს, ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე, შეიძლება მოეთხოვოთ ჯანმრთელობის დაზღვევის, სასტუმროს ჯავშნის და ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარჩენისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება. უვიზოდ შესვლის ნებართვა არ იძლევა ისრაელის სახელმწიფოში მუშაობის უფლებას.

ლიკა ამირაშვილი