კარგად გაეცანით საქმეს, ჩადეთ სიმტკიცის მარაგი, კარგად შეარჩიეთ პარტნიორები, ყოველთვის გქონდეთ ალტერნატიული გეგმა, ნუ იქნებით ზედმეტად ოპტიმისტები, მთელი ენერგია ჩადეთ ახალ საქმეში - ეს არის რჩევები, რომელსაც საქართველოში მოქმედი წამყვანი საკონსულტაციო კომპანიები დამწყებ ბიზნესმენებს სთავაზობენ.
ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში საკმაოდ მარტივია. ბევრს მისი დაწყება და წარმოება მარტივად წარმოუდგენია. თუმცა, რეალურად ეს საკმაოდ რთული პროცესია. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ბიზნესის წარმოების გამოცდილება არ აქვს. სწორედ ამიტომ ”ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ რჩევებს, რომელსაც საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანიები ხშირად აძლევენ საკუთარ კლიენტებს.
”პირველ რიგში, ძალიან დეტალურად და სიღრმისეულად უნდა მოხდეს ბიზნესის გაცნობა, ვინაიდან დეტალების გარკვევის გარეშე საქმის დაწყება სარისკოა. თუ თემა სპეციფიკურია, მნიშვნელოვანია პროექტში ჩაერთოს მცოდნე ექსპერტი. ამასთან, უნდა მოხდეს გასაღების ბაზრის შესწავლა. თუ რაიმე პროდუქტის ან მომსახურებისთვის ბაზარი არ არის, ასეთი ბიზნესის დაწყებას აზრი არ აქვს. მნიშვნელოვანია, სწორად მოხდეს იმ პარტნიორის შერჩევა, ვისთან ერთადაც იგეგმება საქმის დაწყება,” - ამბობს BDO-ს პარტნიორი მაია ხაჩიძე.
საკონსულტაციო კომპანია „ინოვას“ დირექტორის მაია შიშნიაშვილის განმარტებით, ადამიანი, რომელიც აპირებს ბიზნესის დაწყებას რამდენიმე კუთხით უნდა მოემზადოს. ”ახალი ბიზნესი მეწარმისგან მოითხოვს დიდ ძალისხმევას, შრომას და დროის რესურსს. საწყის ეტაპზე დამფუძნებელი ითავსებს თითქმის ყველა ფუნქციას და როლს ორგანიზაციაში. მას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მხოლოდ მმართველობითი ფუნქციებით დაკავდეს და დაიქირავოს უამრავი თანამშრომელი დანარჩენი საქმის საკეთებლად. ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია იმუშვო სამსახურში და ამავდროულად წამოიწყო საკუთარი ბიზნესიც. ამიტომ, სანამ ბიზნესს მოკიდებს ხელს, მეწარმემ კარგად უნდა წამოიდგინოს ის ფინანსური და დროითი რესურსი, რაც მისგან ახალ ბიზნესს დასჭირდება და ამის შემდეგ მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილება, წამოიწყოს თუ არა ახალი ბიზნესი“, - აღნიშნავს მაია შიშნიაშვილი.
"აუდიტ ენდ ლეგალ სერვისის" დირექტორის ლევან გუგუშვილის რჩევით კი დამწყებმა ბიზნესმენმა აუცილებლად უნდა მოახდინოს სამომავლო საქმიანობის მოდელირება და ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმოს ყველა ეტაპი. დიდი წინდახედულებაა აუცილებელი პარტნიორების შერჩევის დროს.
”საქმის დაწყების დროს კარგი იქნება, თუ წარმოდგენილი ექნებათ ალტერნატიული გეგმა ყველა მიმართულებით, მათ შორის პარტნიორები. ბიზნესმენს დაგულებული უნდა ჰყავდეს ალტერნატიული მიმწოდებლები და რეალიზატორები, პროდუქციის გასაღების ალტერნატიული ბაზრები თუ კლიენტის მოზიდვის გზები. გათვლილი უნდა ჰქონდეთ 2-3 ვარიანტი, თუ როგორ შეძლებენ პროდუქციისა თუ სერვისის გაყიდვა-მიწოდებას. ასევე, აუცილებელია ფინანსური რეზერვის ქონა. რადგან საქმე ყოველთვის ისე არ იწყება, როგორ მას გეგმავენ. ან იწყება თუმცა საწყის ეტაპზე თანხის ამოღება ვერ ხდება. ზოგადად, საქართველოში თანხის ამოღების საკითხი მეტად პრობლემატურია. მაგალითად, დისტრიბუციის შემთხვევაში კანონიერი გზით კომპანიის ”გადაგდება” საკმაოდ მარტივია,” - ამბობს ლევან გუგუშვილი.
მაია ხაჩიძის განმარტებით, საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები მოქმედებს, რომლებიც დამწყებ ბიზნესებს განსაკუთრებით ეხმარება.
”დამწყებ ბიზნესს, ასევე, ვურჩევდი მოიძიონ დაფინანსების პოტენციური წყაროები, გაეცნონ ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებს, რადგან ბევრი შესაძლებლობა არსებობს ამ მიმართულებით და ეს შანსი უნდა გამოიყენონ,” - დაამატა ხაჩიძემ.
პირველადი თუ ალტერნატიული ბაზრებისა და პარტნიორების მოძიება და დაგეგმვა პირველ რიგში ბაზრის კვლევის საფუძველზე უნდა მოხდეს. თუ მეწარმე ვერ აკეთებს ბაზრის და ბიზნეს კვლევას, მას ხარჯები მაინც უნდა ჰქონდეს დაგეგმილი.
”ტრემინი "კვლევა" ხშირად ასოცირდება ხოლმე მაღალბიუჯეტიან მომსახურებასთან. სინამდვილეში კვლევა შესაძლებელია ჩატარდეს მცირე ბიუჯეტითაც ისე, რომ მკვლევარმა მოიპოვოს სრული ინფორმაცია, რაც მას გადაწყვეტილების მისაღებად ესაჭროება. დამწყებმა მეწარმემ ბაზრის შესახებ შემდეგი ინფორმაცია უნდა იცოდეს: ვინ არიან მომხმარებლები, რა პრეფერენციები გააჩნიათ მათ, როგორია მათი მსყიდველობითი უნარი, ვინ არიან კონკურენტები და რას სთავაზობენ მომხმარებლებს, ვინ არიან ნედლეულის მომწოდებლები და ა.შ. ამ ამ ტიპის ინფორმაციის მოსაპოვებლად შესაძლოა გამოიყენოს ოფიციალური წყაროები, მაგ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, ასევე ინტერნეტი, სოციალური მედია და სხვა დაბალბიუჯეტიანი კვლევის მეთოდები,” - განმარტავს მაია შიშნიაშვილი.
მისივე თქმით, თუ მეწარმე არ აკეთებს ბიზნეს გეგმას, მნიშვნელოვანია, რომ ხარჯები მაინც ჰქონდეს დაგეგმილი, იცოდეს რა პერიოდში რა თანხა დასჭირდება და საიდან მოხდება აღნიშნული თანხების მოზიდვა.
”არანაკლებ მნიშვნელოვანია სანდო მომწოდებლების შერჩევა, რომ არ მოხდეს პროცესის შეფერხება. შემდგომ ეტაპებზე მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა პროდუქციის წარმოების ან მომსახურების გაწევის ეფექტურობასა და შენარჩუნებაზე. ამასთან, აუცილებელია წამოწყებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ყურადღების დათმობა, ეს ეხება როგორც ბიზნესის საწყის სტადიას, ისე შემდგომ პერიოდს. წარმატებული ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის კონსულტაციის მუდმივი მიღება პროფესიონალებისგან. ეს დროული რეაგირებისა და ბიზნესის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის ფლობისთვისაა აუცილებელი,” - ამბობს ბიდიოს პარტნიორი მაია ხაჩიძე.
ბიზნესის დაწყებამდე აუცილებელია, გარკვეული გამოცდილების შეძენა. გუგუნიშვილის თქმით, უკეთესია თუ დამწყები ბიზნესმენი მცირე გამოცდილებას მაინც მიიღებს იმ სფეროში, რომელშიც საქმიანობის დაწყებას გეგმავს. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი დასაქმებულობა და არა მართვა. შედეგად, უფრო მომზადებულები იქნებიან და ბიზნესის წარუმატებლობის ალბათობა ნაკლები იქნება.
ნანა მღებრიშვილი