აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის ინფრასტრუქტურის განახლების დრო დადგა.
როგორც მან კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ პროგრამას საფუძვლად დაედება ორი მთავარი პრინციპი - „იყიდე ამერიკული და დაასაქმე ამერიკელი“.
ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით, ტრამპი სენატორებს მოუწოდებს, მიიღონ კანონპროექტი, რომელიც 1 ტრილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
„ქვეყნის აღდგენის პროგრამისთვის კონგრესს ვთხოვ, მიიღონ შესაბამისი ზომები, რომელიც ითვალისწინებს 1 ტრილიონ დოლარს ამერიკის ინფრასტრუქტურისთვის. ეს იქნება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ფინანსები და საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ მილიონობით ახალი სამუშაო ადგილი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, ამერიკამ ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 6 ტრილიონით იზარალა და მთელი ამ დროის განმავლობაში ამერიკის ინფრასტრუქტურა ინგრეოდა.
კოკა კვირკველია