მართვის მოწმობის აღების მსურველები პრაქტიკულ გამოცდას ქალაქის ქუჩებში ჩააბარებენ

მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ მოძრაობაში, ქალაქის პირობებში მოუწევთ.

ამის შესახებ შს სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიაშია ნათქვამი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იგეგმება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სისტემის დახვეწა.

"2014 წლიდან უკვე შესაძლებელია მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე. ასევე შემოღებული იქნება პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში (ქალაქის პირობებში) ჩაბარება", - ნათქვამია სტრატეგიაში.

ამასთან, სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ 2014 წელს იგეგმება ახალი ტიპის სანომრე ნიშნების შემოღება, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

გარდა ამისა, დაგეგმილია სკოლებში საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის წესების სწავლება.

ასევე, საგზაო უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დამატებით დამონტაჟდება სიჩქარის მზომი რადარები. შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღების, მიზნით საავტომობილო გზების მაღალი რისკის მონაკვეთებზე დადგინდება ე. წ. "შავი წერტილები". განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციების წესების დაცვაზე კონტროლს.

შს სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიის პრეზენტაცია "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა და ღონისძიებას ესწრებოდნენ შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

სტრატეგია შსს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბერაიამ წარადგინა.