მერსედეს ვერა მარტინი - საქართველოს ეკონომიკა მდგრადია, მიუხედავად 2014 წელს დაწყებული საგარეო შოკის გავლენისა

საქართველოს ეკონომიკა მდგრადია, მიუხედავად 2014 წელს დაწყებული საგარეო შოკის გავლენისა , - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა პირველ ვიცე-პრემიერ, ფინანსთა მინისტრ, დიმიტრი ქუმსიშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მერსედეს ვერა მარტინმა აღნიშნა, 2015-2016 წლებში ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა 2.8 პროცენტი იყო, რაც საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის (ჩინეთის გარდა) ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მისივე თქმით, ინფლაცია დაბალი რჩებოდა. ეკონომიკური ზრდის შემდგომი მამოძრავებელი იქნება ხელისუფლების დაგეგმილი რეფორმების სწრაფი განხორციელება, რაც შექმნის კერძო ინვესტირებისათვის შესაფერის გარემოს, ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა აღნიშნა, ხელისუფლებასთან შეთანხმებული ეკონომიკური პოლიტიკა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას და სტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრას, რაც სწრაფ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს.

მისივე თქმით, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამბიციური რეფორმების გასატარებლად ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

„საშუალოვადიან პერიოდში უნდა განხორციელდეს ფისკალური კონსოლიდაცია, რომლის ფარგლებშიც არ შეფერხდება სახელმწიფო ინვესტიციები და სოციალური ხარჯები, ხოლო ქვეყნის ვალი შენარჩუნდება მდგრად დონეზე. 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მკაცრი ფისკალური ზომები ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება. მთავრობა განახორციელებს მნიშვნელოვან ფისკალურ რეფორმებს საბიუჯეტო დისციპლინის შესანარჩუნებლად, ფისკალური წესების არსებული საზღვრების დაცვით. სსფ-ს მისია და საქართველოს ხელისუფლება შეთანხმდა საჯარო ფინანსების მართვის გაუმკაცრების მნიშვნელობაზე. კერძოდ, უნდა გაუმჯობესდეს ფისკალური რისკების გასაჯაროება და კონტროლი; გაგრძელდეს საგადასახადო სამსახურის გაძლიერება“, - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.

მისივე თქმით, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა კვლავაც მართებულად მიმართული იქნება ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაზე.

მერსედეს ვერა მარტინის განცხადებით, 2017 წელს ინფლაცია, სავარაუდოდ, გადააჭარბებს ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს, რაც ძირითადად აიხსნება მსოფლიო სასაქონლოს ფასების მატებით, აქციზების ზრდით და გაცვლითი კურსის გაუფასურებით.

„გამოცხადებული მონეტარული პოლიტიკა ვითარების შესაბამისია და როგორც კი ერთჯერადი გავლენების მქონე მიზეზები გაილევა, 2018 წელს ინფლაცია დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს. ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმი და მცურავი სავალუტო კურსი საქართველოს ეკონომიკისთვის შესაფერისია. გაგრძელდება გაცვლითი კურსის მოქნილობის უზრუნველყოფა, ხოლო სავალუტო ბაზარზე ჩარევა მოხდება მხოლოდ ზედმეტი რყევების შესამცირებლად და ბაზრის დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.

როგორც მან აღნიშმა, სსფ-ს მისია მიესალმება ლარის ლიკვიდურობის მექანიზმის გაუმჯობესებას და სესხის საგარანტიოდ გამოსაყენებელი აქტივების ჩამონათვალის ზრდას, რაც ზრდის სანდოობას ეროვნული ბანკის მიერ ლიკვიდურობის მართვის შესაძლებლობის მიმართ.

„გეგმები, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო რეგულირების და ზედამხედველობის შემდგომ გაძლიერებას, ფინანსური უსაფრთხოების ბადის და ბანკების გაჯანსაღების ფორმალური ჩარჩოს შექმნას აამაღლებს საფინანსო სექტორის მდგრადობას შოკების მიმართ და უზრუნველყოფს მის მიერ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას. ბანკების ზედამხედველობა კვლავაც გულმოდგინედ დააკვირდება სისტემურ და ლიკვიდურობის რისკებს. ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით ჩამოყალიბდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. უნდა გადაიდგას ნაბიჯები ბანკის გაჯანსაღების ფორმალური ჩარჩოს და განსაკუთრებულ შემთხვევებში ბანკებისთვის ლიკვიდურობის მიწოდების მექანიზმის შესაქმნელად. მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა სათანადო ყურადღებას ამახვილებს მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე. ამბიციური სტრუქტურული რეფორმები მოიცავს განათლების გაუმჯობესებას; საგზაო ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს, ქვეყნის მდებარეობის ეფექტური გამოყენების და საქართველოს სატრანზიტო და ტურისტულ ჰაბად გადაქცევის მიზნით; სახელმწიფო მართვის ღიაობის და ეფექტურობის ამაღლებას; და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, სადაც გაიზრდება კერძო სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელის როლი“, - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მადლობას უხდის მთავრობას, ეროვნულ ბანკს, დონორებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გულახდილი და კონსტრუქციული დიალოგისთვის.

საქართველოს ხელისუფლების მოწვევით 15 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოს სტუმრობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით. დღეს მერსედეს ვერა მარტინმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ერთობლივი პრესკონფერენეცია გამართეს.