მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში შეუძლებელია გაცვლითი კურსის პროგნოზირება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში შეუძლებელია გაცვლითი კურსის პროგნოზირება. ეროვნული ბანკი არ აკეთებს გაცვლითი კურის პროგნოზირებას. ყველაზე კარგი მაჩვენებელი ამ შემთხვევაში იმისა, თუ როგორი იქნება მოძრაობა მცურავი გაცვლითი კურსის, არის ის, თუ რა მიმდინარეობებია, რა ხდება ეკონომიკაში, რა ხდება საგარეო სექტორში“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
თავის მხრივ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ მცურავ გაცვლით კურსზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის, დადებითად მოქმედებს ექსპორტის, ტურიზმის, ფულადი გადმორიცხვების ზრდა.
„ლარის კურსთან დაკავშირებით მრავალჯერ მითქვამს და ახლაც იგივე კომენტარი მექნება. პროგნოზირება არის უმადური საქმე. ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი. მცურავ გაცვლით კურსზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის, დადებითად მოქმედებს ექსპორტის, ტურიზმის, ფულადი გადმორიცხვების ზრდა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.