საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო საქართველოში სამწლიანი ეკონომიკური პროგრამის თაობაზე მისიის დონეზე მიღწეულ შეთანხმებას აპრილში განიხილავს , - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა პირველ ვიცე-პრემიერ, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მერსედეს ვერა მარტინმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოში სამწლიანი პროგრამის დაწყებაზე, რომელიც დაფინანსდება 285 მილიონი აშშ დოლარით „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“.
„მაქვს პატივი განვაცხადო, რომ სსფ-ს მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ მივაღწიეთ შეთანხმებას სამწლიანი პროგრამის დაწყების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 201.4 მილიონი ესდეერ-ის (SDR: Special Drawing Right); დაახლოებით, 285 მილიონი აშშ დოლარის ანუ სსფ-ში საქართველოს კვოტის 100 პროცენტის ტოლი თანხის გამოყოფას „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო საქართველოს საკითხს ა.წ. აპრილის შუა რიცხვებში განიხილავს”, - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.
საქართველოს ხელისუფლების მოწვევით 15 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოს სტუმრობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით. დღეს მერსედეს ვერა მარტინმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.