ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნულ ბანკში დაბრუნებას ადრეც მხარს უჭერდა, ახლაც მხარს უჭერს და ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით მან პოზიცია ერთი წლის წინაც დააფიქსირა, როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის პოზიციაზე პარლამენტში მისი კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობდა.
„ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია. ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ერთი წლის წინაც დავაფიქსირე, როდესაც ჩემი კანდიდატურის განხილვა ხდებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის პოზიციაზე პარლამენტში. ასე რომ, არანაირი განსხვავება არ არის - ადრეც მხარს ვუჭერდი, ახლაც მხარს ვუჭერს და მივესალმები ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის სამსახური წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატების, თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შედეგად გამოეყო, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, საფინანსო ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკისგან გამოიყო, ის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბდა. კანონპროექტი დამტკიცებამდე პარლამენტში ხმაურისა და კრიტიკის ფონზე განიხილებოდა. ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გასვლას ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პრეზიდენტი. მან პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ გიორგი მარგველაშვილის შენიშვნები არ გაითვალისწინა.
საბოლოოდ, ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ახალი ნორმის მოქმედება შეაჩერა, რის გამოც ეროვნულ ბანკს გამოყოფილმა ფინანსური ზედამხედველობის სააგენტომ ფუნქციონირება ვერ დაიწყო. მთავრობის წინა სხდომაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ მომზადებულია კანონპრექტი, რომელის თანახმადაც, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს დაუბრუნდება.