მთავრობა რაგბის დაფინანსებას თითქმის ასამმაგებს

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაამტკიცა.

სამი წლის განმავლობაში ”საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში, ნაცვლად დაგეგმილი 11 800 000 ლარისა, საქართველოს მთავრობა 33 673 968 ლარს გამოყოფს.

შესაბამისად, 2014-2016 წლებში ოთხჯერ გაიზრდება უმაღლესი ლიგის გუნდების საბაზო დაფინანსება. თითოეული გუნდი ასი ათასი ლარის ნაცვლად, ოთხასი ათასი ლარის დაფინანსებას მიიღებს.

ასევე, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საბაზო დაფინანსება ექნებათ პირველი ლიგის გუნდებსაც.

გარდა ამისა, 2013-2014 წლების ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, საპრიზო ფონდი გადანაწილდება უმაღლესი ლიგის კლუბებს შორის, ხოლო პირველი ლიგის გუნდებს შორის საპრიზო ფონდი მომდევნო, 2014-2015 წლების სეზონის შედეგების მიხედვით განაწილდება.

საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული, 33,5 მილიონზე მეტი ლარის ხარჯვას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გაუწევს ადმინისტრირებას, საქართველოს რაგბის კავშირის სუბსიდირების გზით.