81 წლის იაპონელმა ქალბატონმა მობილურის აპლიკაცია შექმნა

81 წლის იაპონელმა მასაკო ვაკამიამ მობილური ტელეფონის აპლიკაცია შექმნა. მოხუცმა ქალბატონმა სულ რაღაც 6 თვეში ისწავლა პროგრამირება და შედეგად iOS-სთვის აპლიკაცია Hinadan შექმნა.

მისი თქმით, პროგრამირება ერთ-ერთმა ახალგაზრდამ „ფეისბუქისა“ და „სკაიპის“ მეშვეობით ასწავლა.

„გადავწყვიტე გამეკეთებინა ისეთი აპლიკაცია, რომელიც მოხუცებისთვის იქნებოდა. რადგან როგორც წესი, აპლიკაციების უმრავლესობა მხოლოდ ახალგაზრდებისთვისაა“, - აღნიშნავს მასაკო ვაკამია.

მასაკო ვაკამიამ თავისი აპლიკაცია თოჯინების დღეს მიუძღვნა, რომელსაც იაპონიაში 3 მარტს აღნიშნავენ.

Hinadan თოჯინებით თამაშია, რომელიც აპლიკაციის ავტორის თქმით, სპეციალურად მოხუცებისთვის და ასევე იაპონური კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვის შეიქმნა.

მასაკო ვაკამია 43 წლის განმავლობაში ბანკში მუშაობდა. კომპიუტერული უნარები მან მხოლოდ 60 წლის ასაკში, პენსიაზე გასვლის შემდეგ აითვისა, თუმცა გადაწყვიტა, რომ ამაზე არ გაჩერებულიყო. 81 წლის ქალბატონი დღემდე აგრძელებს თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებას, გარდა ამისა, აქტიურად მოგზაურობს და საკუთარ შთაბეჭდილებებს ვიდეობლოგის მეშვეობით აცნობს აუდიტორიას.

ცოტა ხნის წინ კი მასაკო ვაკამიამ მოხუცებისთვის შექმნა კლუბი, სადაც მათ მოტივაციას უჩენს, ასაკის მიუხედავად უფრო აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ.