სოფელ ბუკნარიდან ასწლოვან ჭადარს გურიის დენდროლოგიურ პარკში გადარგავენ

აჭარიდან გურიაში, დენდროლოგიურ პარკში მორიგ ასწლოვან ხეს გადარგავენ. ჭადრის გადატანა ამჯერად სოფელ ბუკნარიდან მოხდება.

როგორც კომპანია „ზიმოს“ ინჟინერმა ირაკლი შანავამ განაცხადა, მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ჭადრის ხეს სავარაუდოდ, გვიან ღამით სანაპირომდე მიიტანენ.

„მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და სავარაუდოდ, ჭადრის ხის ტრანსპორტირებას გვიან ღამით განვახორციელებთ. როგორც სხვა ხეები, ამასაც ზღვის გავლით დენდროლოგიურ პარკში გადავიტანთ. ამ დროისთვის ეტაპობრივად, 10-მდე ხის გადარგვას ვგეგმავთ როგორც სოფელ ბუკნარიდან, ასევე დაბა ჩაქვიდან“, - აცხადებს ირაკლი შანავა.

კომპანია „ზიმო“ აჭარიდან გურიაში, დენდროლოგიურ პარკში, უკვე მეხუთე ხეს გადარგავს.