როგორ იცვლებოდნენ მფლობელები „რუსთავი 2“-ში - ტელეკომპანიის 23-წლიანი ისტორია

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ყოფილ მმართველს ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.

როგორი იყო „რუსთავი 2“-ის ისტორია დაარსებიდან დღემდე და როგორ იცვლებოდა მისი მფლობელების ისტორია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2013 წლის ანგარიშშია მოცემული.

ანგარიშის თანახმად, ტელეკომპანიის დაარსებიდან, 1994 წლიდან 2004 წლამდე ტელევიზიას დამფუძნებლები დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და ეროსი კიწმარიშვილი ფლობდნენ. 2004 წლიდან, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა, 2012 წლამდე კი ტელევიზიას მფლობელები დაახლოებით 20-ჯერ შეეცვალა. ხშირად ეს საეჭვო გარიგებების შედეგად ხდებოდა, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილთან და „ერთიანი ნაცონალური მოძრაობის” მთავრობასთან დაკავშირებული პირები მონაწილეობდნენ.

2012 წლის ნოემბრიდან 2017 წლის 2 მარტამდე კი ტელეკომპანია ძმები ყარამანიშვილების მფლობელობაში იყო.

„რუსთავი 2“ ვარდების რევოლუციამდე

1994 წლიდან 2004 წლამდე „რუსთავი 2“-ის თითოეული დამფუძნებელი – ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე – არხის 33.3%-ს ფლობდა.

2000-იანი წლებისათვის რუსთავში დაარსებული ტელევიზია ქვეყნის უმსხვილეს კერძო ტელეარხად იქცა, რომელიც შევარდნაძის მთავრობას ხშირად აკრიტიკებდა. „რუსთავი 2“-ის მიერ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებამ საპროტესტო აქციებს მისცა ბიძგი, რასაც ვარდების რევოლუცია და პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.

„რუსთავის 2“-ის დამფუძნებლების გასვლა წილიდან

2004 წლის თებერვალში „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი სავაჭრო პალატის პრეზიდენტად დაინიშნა. რამდენიმე თვეში კი ტელეკომპანიის დირექტორი და 10%-ის მფლობელი ნიკა ტაბატაძე (ტაბატაძემ თითოეული დამფუძნებლისგან 3.33% მიიღო) საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.

ტელევიზიის კიდევ 2 დამფუძნებელი - დვალი და აქიმიძე კი იხსენებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მათ არხის დათმობას სთხოვდნენ. ყოფილი მფლობელების თქმით, ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად, მათ „რუსთავი 2” არ დათმეს.

როგორც დვალმა და აქიმიძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განუცხადეს, ამასობაში მათი ურთიერთობა კიწმარიშვილთან დაიძაბა. 2004 წლის 11 ივნისს კი, კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“-ის გაკოტრების პროცედურები წამოიწყო. იმავე პერიოდში ტელევიზიას მილიონობით ლარის დავალიანება ჰქონდა.

დვალისა და აქიმიძის თქმით, გაკოტრების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მდგომარეობა დაიძაბა – მსესხებლებმა ვალების დაბრუნება მოითხოვეს და იმისთვის რათა სესხის აღებისას გარანტიად ჩადებული პირადი საკუთრება არ დაეკარგათ, თავადაც (დვალი და აქიმიძე) იძულებულნი გახდნენ, გაეყიდათ „რუსთავი 2“. „რუსთავი 2“-ის მფლობელობის მრავალჯერადი ცვლილება სწორედ ამ მომენტიდან იწყება.

ქიბარ ხალვაშის გამოჩენა „რუსთავი 2“-ში

2004 წლის 16 ივნისს, პაატა კარსანიძემ, რომლის ბიზნეს საქმიანობაზეც ცნობები არ მოიპოვება, ვალებში მყოფი „რუსთავი 2“-ის 60% შეიძინა (30-30% ჯარჯი აქიმიძისგან და დავით დვალისგან), იმავე დღეს კი წილები სრულად ქიბარ ხალვაშს მიჰყიდა.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, კარსანიძემ თითოეულ მფლობელს 100 ათასი ამერიკული დოლარი გადაუხადა, ხალვაშს კი წილები 200 ათას დოლარად მიყიდა. ხალვაშის კომპანია შპს „პანორამამ“ ნიკა ტაბატაძის 10% და ეროსი კიწმარიშვილის 30%-იც შეისყიდა.

საჯარო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ტაბატაძემ წილები ნებაყოფლობით დათმო და სანაცვლოდ 200 ლარის ანაზღაურება მიიღო, რაც მის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხა იყო. ეროსი კიწმარიშვილმა კი თავისი წილების სანაცვლოდ 50 ათასი დოლარი მიიღო. ოქტომბერში კიწმარიშვილმა სავაჭრო პალატის პრეზიდენტის პოსტი დატოვა და აღარც „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობაში ფიგურირებდა. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით მისი მეგობრული ურთიერთობა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი იყო. ოქრუაშვილს სხვადასხვა დროს მთავარი პროკურორის (2004), შინაგან საქმეთა მინისტრის (2004), თავდაცვის მინისტრისა (2004-2006) და ეკონომიკური განვითარების მინისტრის (2006) თანამდებობები ეკავა.

ხალვაში „პროქტერ & გემბლის“ სადისტრიბუციო ქსელს და „პეპსის“ ფლობდა. 2007 წლის დეკემბერში, მას მერე, რაც ოქრუაშვილმა სააკაშვილის მთავრობა დატოვა, ხალვაშის კომპანიის საცავები ხანძრის შედეგად დაიწვა.

„რუსთავი 2“-ის წილები ბეჟუაშვილების ოჯახმა შეიძინა

2005 წლის დეკემბერში „საქცემენტმა” ქიბარ ხალვაშის კომპანია „პანორამასგან“ „რუსთავი 2“-ის 22% 131,994 ლარად შეიძინა. „საქცემენტის“ 100%-ის მფლობელი კი მაშინდელი პარლამენტარის დავით ბეჟუაშვილისა („ნაციონალური მოძრაობა“) და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის (2005-2008) გელა ბეჟუაშვილის მამა რობერტ ბეჟუაშვილი იყო.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ „საქცემენტისგან“ ეს წილები ისევ რობერტ ბეჟუაშვილის კომპანიამ „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ შეიძინა. ჯგუფს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ფლობს, რომელიც, თავის მხრივ მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის“ მფლობელობაშია.

„ჩემექსიმ ინტერნეიშენალის“ პარტნიორი კი დავით ბეჟუაშვილი იყო. თუმცა ამ კომპანიიდან მიღებული რაიმე შემოსავალი პარლამენტარის დეკლარაციებში აღნიშნული არ იყო.

2006 წელს ხალვაშმა ტელეკომპანია „მზის“ 78%, ბეჟუაშვილმა კი მისი 22% შეიძინა. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ „პირველი სტერეოს“ 65%-საც ფლობდა.

ოფშორული მფლობელები

2006 წლის აგვისტოში „რუსთავის 2“-ის დირექტორი ნიკა ტაბატაძე, რომელიც მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა და არხს დაუბრუნდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. იგი კობა დავარაშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც, მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, იმ დროინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი არველაძესთან დაახლოებული პირი იყო.

იმავე წელს, მას შემდეგ რაც ირაკლი ოქრუშვილმა მთავრობა დატოვა, ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანია „პანორამამ“ „რუსთავი 2“-ის 78% შპს „ჯეო-ტრანსზე“ გაასხვისეს, რომელსაც ბიძინა ნიჟარაძე ფლობდა, თუმცა, მისი ბიზნეს საქმიანობის შესახებ საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი.

ათ დღეში „ჯეო-ტრანსმა“ წილების 55% ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანია Delgado Resources-ს მიყიდა. ამ ოფშორული კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი ლევან ყარამანიშვილი იყო. „ჯეო-ტრანსის“ მფლობელობაში მყოფი დანარჩენი 23% კი „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ შეიძინა, რომელიც 22%-ს უკვე ფლობდა.

2007 წლის დასაწყისში მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა კომპანია „ჯეომედია გრუპმა“, რომლის ოფიციალური წარმომადგენელიც ისევ ბიძინა ნიჟარაძე იყო, Delgado Resources-ის 55% შეიძინა. ამ ორი კომპანიის ბენეფიციარი მფლობელების ვინაობა ასევე უცნობი იყო.

2007-2009 წლებში „რუსთავი 2“-ის დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი იყო. 2008 წელს ჩიქოვანმა „რუსთავი 2“-ის 30% შეიძინა (15% „ჯეომედია გრუპისგან“, 15% კი – „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისგან“). საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არსებულ არქივის დოკუმენტებში ეს გარიგება ასახული არ არის.

ჩიქოვანი 2009-2013 წლებში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ჩიქოვანი მარეგულირებელი კომისიის წევრი გახდა, თავისი წილები ისევ „ჯეომედია გრუპსა“ და „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ მიჰყიდა, თუმცა ელექტრონულად ხელმისაწვდომ ოფიციალურ დოკუმენტებში არც ამ გარიგების შესახებ არის ცნობები.

„რუსთავი 2“-ის დირექტორი ჩიქოვანის ბიზნეს პარტნიორი გიორგი გეგეშიძე გახდა, რომელიც Degson Limited-ის (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა ამ კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 70% შეიძინა) ოფიციალური წარმომადგენელი იყო.

„რუსთავი 2“-ის დარჩენილი 30% კი ბეჟუაშვილების ოჯახის მფლობელობაში დარჩა. („საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 30% თავის მფლობელ კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალს“ მიყიდა.)

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, „რუსთავის 2“-ის მფლობელების ვინაობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. ტელევიზიების ბურუსით მოცული მფლობელობის გამო საქართველოს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აკრიტიკებდნენ.

2011 წელს პარლამენტმა ოფშორული კომპანიების მიერ მაუწყებლების ფლობა აკრძალა და ტელევიზიებსა და რადიოებს ბენეფიციარი მფლობელების გამჟღავნება მოსთხოვა. ცვლილებები ძალაში 2012 წლის დასაწყისში შევიდა, ცოტა ხნით ადრე კი, ლევან ყარამანიშვილმა „რუსთავი 2“-ში Degson Limited-ის 60% და „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის“ საკუთრებაში არსებული 30% შეიძინა. გიორგი გეგეშიძემ კი, რომელიც Degson Limited-ს წარმოადგენდა, ოფშორული კომპანიისგან დარჩენილი 10% -იც შეიძინა.

„რუსთავი 2“ - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ

2012 წლის 4 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც „ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა, „რუსთავი 2“-ის 40% დავით კეზერაშვილის კომპანია „მედია ჯორჯიაზე” 500 ათას ამერიკულ დოლარად გასხვისდა.

თავის მხრივ „მედია ჯორჯიამ“ კი, რომელიც ამ გარიგებამდე ერთი დღით ადრე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, წილები ხუთ დღეში გიორგი ყარამანიშვილს იგივე ფასად მიყიდა. მიხეილ სააკაშვილმა ყარამანიშვილი ერთხელ საკუთარ მეგობრად მოიხსენია.

2012 წლის ნოემბრიდან მოყოლებული „რუსთავი 2“ ძმებ ყარამანიშვილების მფლობელობაშია. ლევან ყარამანიშვილი წილების 22%-ს ფლობს, გიორგი ყარამანიშვილი კი - 18%-ს. „რუსთავი 2“-ის 51%-ს ტელეკომპანია „საქართველო“ ფლობს, რომლის 60% ლევან ყარამანიშვილის, 40% კი გიორგი ყარამანიშვილის მფლობელობაშია. დარჩენილი 9% კი გიორგი გეგეშიძეს ეკუთვნის.

2012 წლის ნოემბრიდან „რუსთავი 2“-ის დირექტორი განათლებისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ასევე მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია გახდა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე