გამოცემა Global Finance Magazine-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების 2016 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც დაფუძნებულია ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტისა და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით.
გამოცემამ ქვეყნების რანგირება „მსოფლიო ბანკისა“ და „საერთაშორისო მონეტარული ფონდის“ მონაცემებზე დაყრდნობით მოახდინა.
რეიტინგში საქართველო 189 ქვეყანას შორის 108-ე პოზიციაზეა, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10,099 დოლარია. საქართველო ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს როგორიცაა დომინიკა, ეკვადორი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, იორდანია და ა.შ.
თუმცა, უსწრებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს - სომხეთი, უკრაინა, უზბეკეთი, მოლდოვა და ყირგიზეთი.
საქართველოს წინ, 73-ე პოზიციაზე არის თურქმენეთი. ბელორუსი და აზერბაიჯანი კი ამ რეიტინგში 72-ე და 71-ე პოზიციებზე აღმოჩნდნენ.
მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნის რეიტინგში პირველ ადგილზე კვლავ ყატარია, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 129,726 დოლარია, მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე - 101,936 დოლარი.
აღსანიშნავია, რომ გასული წლისგან განსხვავებით, უმდიდრესი ქვეყნების სამეული შეცვლილია და მესამე პოზიციაზე სინგაპურის ნაცვლად მაკაოა, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 96,147 დოლარია. სინგაპურმა კი მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 87,082 დოლარი.
ცნობისთვის, 2015 წლის რეიტინგში საქართველო 185 ქვეყანას შორის 113-ე პოზიციაზე იყო.