2016 წლის 8 ნოემბერს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ყველაზე მეტად ჩინელმა მილიარდერებმა იხეირეს.
„ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსის“ თანახმად, 8 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ჩინელი მილიარდერების ქონება 13,2%-ით 39,2 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ჯამში 336 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ინდექსის მიხედვით, 10,5%-ით გაიზარდა რუსი მილიარდერების ქონება. 28 რუსი მილიარდერის ქონება ჯამში 24,4 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
ტრამპის გაპრეზიდენტება ყველაზე უარყოფითად მექსიკელ მილიარდერებზე აისახა. „ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსის“ ცნობით, მექსიკელმა მილიარდერებმა 8 ნოემბრის შემდეგ 5,1%-ით იზარალეს. ყველაზე მეტად კი მექსიკელი მაგნატი კარლოს სლიმი დაზარალდა, რომლიც ქონებაც 4,2 მილიარდი დოლარით შემცირდა.
საერთო ჯამში, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ 207 მილიარდი დოლარით გამდიდრდნენ და მათმა ქონებამ 4,6 ტრილიონი დოლარი შეადგინა.