საქართველოს რკინიგზა თურქ გადამზიდავებს ბათუმის ახალი ტერმინალის უპირატესობაში არწმუნებს

შპს "ტრანს კავკასუს ტერმინალის" დირექტორი ლევან ჯღარკავა, თურქეთში ტრაპზონის რეგიონული ექსპორტიორების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

ღონისძიებაზე, რომელსაც ასოციაციის დირექტორატის გარდა, თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, სამსუნგისა და ტრაპზონის პორტის მენეჯერები და გადამზიდავი კომპანიები ესწრებოდნენ, ჯღარკავამ ბათუმში ახლადგახსნილი საბაჟო ტერმინალის უპირატესობების შესახებ ისაუბრა.

როგორც ”საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, ტერმინალი 200 ტონა მოცულობის ტვირთის გადატვირთვას უზრუნველყოფს. მისი მეშვეობით, თურქეთიდან ცენტრალური აზიისკენ მიმავალი სატვირთო მანქანებიდან ტვირთი რკინიგზის ვაგონებზე გადაიტვირთება, საიდანაც ტრანსპორტირება უკვე აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთისა და სომხეთის მიმართულებით განხორციელდება.

”საქართველოს რკინიგზაში” აღნიშნავენ, რომ ასეთი ტიპის გადაზიდვები განსაკუთრებით ხელსაყრელია თურქული გადამზიდავებისთვის, რადგან ტრანსპორტირების ხარჯები უნახევრდებათ.

"ახალი მოდელის გადაზიდვებით მოიგებს ყველა, როგორც გადამზიდავი კომპანიები და საქართველოს ეკონომიკა, ისე ქვეყნის ეკოლოგია. ტერმინალის გახსნა მნიშნველოვნად განტვირთავს მოძრაობას საავტომობილო მაგისტრალებზე. ამ ტერმინალის დახმარებით მოიხსნება საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებული დაბრკოლებებიც", - აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში".

მათივე ინფორმაციით, ტრაბზონი-ბაქო-ალმაატა-ურუმჩი საკონტეინერო ხაზის გახსნას ფართო გამოხმაურება მოჰყვა თურქულ პრესაში, სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული საკონტეინერო ხაზის უპირატესობაზე სხვა ალტერნატიულ გზებთან შედარებით.