შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, დღეს გახდება ცნობილი

შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, დღეს გახდება ცნობილი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 25 იანვარს ჩატარდა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 6.75 %-მდე გაზარდა.

როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ეყრდნობოდა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც მოსალოდნელია, რომ მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე მოქმედი სუსტი ზეწოლის მიუხედავად, 2017 წელს ინფლაცია ძირითადად მიზნობრივ მაჩვენებელზე ზემოთ იქნება. პროგნოზის მიხედვით, ინფლაციის დროებით ზრდას ძირითადად ერთჯერადი ფაქტორები განაპირობებს. ამ მხრივ აღსანიშნავია სამომხმარებლო ფასებზე აქციზის ზრდისა და გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენა.

როგორც მაშინ სებ-ში განმარტეს, ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს, მომდევნო ორი კვარტალის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად გაზრდას 7%-მდე.

როგორც ეროვნულ ბანკში განაცხადეს, ერთჯერადი ეფექტების ამოწურვის შედეგად ინფლაცია შემცირდება და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში მოექცევა. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში ეტაპობრივად მის ნეიტრალურ დონეს დაუბრუნდება.

როგორც სებ-ში განაცხადეს, საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, ასევე იწვევს პროცენტის გაზრდას იმ სესხებზე, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზე არიან მიბმულები. ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 2017 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 20 396 სესხია გაცემული.