საქართველოში კომპიუტერული თამაშების პირველი მარათონი Game Jam იმართება

"ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო ცენტრში კომპიუტერული თამაშების პირველი მარათონი Game Jam დღეს 11 საათიდან გაიხსნა.

გლობალური ფესტივალი Game Jam მსოფლიოს მასშტაბით ტარდება და არის ყველაზე დიდი მოვლენა კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიაში.

საქართველო მთელს მსოფლიოში მიმდინარე ფესტივალს 22-23 თებერვალს, ორდღიანი ღონისძიებით შეუერთდება.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალის მიზანია, საქართველოში კომპიუტერული თამაშების სფეროს განვითარების, ასევე ბიზნეს სტარტაპების ჩამოყალიბების და ამ დარგში სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ჰაკათონის ტიპის კონკურსი, რომლის ფარგლებშიც 10 გუნდი, 32 საათის განმავლობაში კონკრეტული თამაშების პროტოტიპების შექმნაში შეეჯიბრება. გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც შეზღუდულ დროში საუკეთესო ნამუშევარს წარადგენს. გუნდებს სპეციალურად დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს.

ჰაკათონის პარალელურად გაიმართება სესიები, რომლებსაც კომპიუტერული თამაშების სფეროში მოღვაწე ადამიანები გაუძღვებიან. ასევე, წარმოდგენილი იქნება კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიაში პერსპექტიული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შოუ-რუმიც.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 350 მონაწილე დარეგისტრირდა, რომლებიც პროფესიონალი პროგრამისტები არიან, ნოვატურული ხედვებით.

ღონისძიების მხარდამჭერი და ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი. ასევე, მარათონის ორგანიზატორები არიან: IGDA Georgia (კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია), CG Georgia, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი, Stormbringer Studios, ინტერაქტიული აპლიკაციების ლაბორატორია, Jok Entertainers და Jump of Fall.