თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ხელისუფლებას “ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების პრობლემების მოსაგვარებლად 6-პუნქტიან გეგმას შესთავაზებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განუცხადა.
ირაკლი ნადირაძის თქმით, აღნიშნული 6-პუნქტიანი გეგმა, რომელიც თავად დაზარალებულებთან კონსულტაციებით შემუშავდა, ითვალისწინებს მათთვის სტიქიით დაზარალებულთა სტატუსის მინიჭებას; ასევე გეგმით გათვალისწინებულია შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელშიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაზარალებულებიც შევლენ;
გარდა ამისა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მერიასთან ერთად მიმართოს ეროვნულ ბანკს, რათა ბანკი ხანძრით დაზარალებულებს, სანამ მათ რეალური შემოსავალი გაუჩნდება, კრედიტების დაფარვაში დაეხმაროს; ასევე, მერის სარეზერვო ფონდიდან მოხდეს ერთჯერადად გარკვეული თანხების გამოყოფა; გარკვეული შეღავათები ან უფასო ალტერნატიული ფართები შესთავაზოს ხელისუფლებამ ამ პირებს საქმიანობის თავიდან დასაწყებად; ამასთან, დაიდოს გამოძიების შედეგი, თუ რამ გამოიწვია “ბავშვთა სამყაროში” ხანძარი.
ირაკლი ნადირაძის თქმით, დაზარალებულები ეჭვობენ, რომ “ბავშვთა სამყაროში” ხანძარი თავისით არ გაჩენილა.
“უკვე ერთ თვეზე მეტია “ბავშვთა სამყაროში” დაზარალებული მოვაჭრეები უშედეგოდ ელოდებიან როგორც ხელისუფლებისაგან, ასევე მერიისგან დახმარებას. ჩვენ ვცხოვრობთ სამწუხარო რეალობაში, სადაც თუ ხელისუფლებამ მოინდომა, მილიონი ლარის გადაცემა შეუძლია მოსამართლისთვის, ხოლო ნამდვილად გაჭირვებული დაზარალებული ადამიანებისათვის ერთ თეთრს ვერ იმეტებენ”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.