თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად, ჩიქოვანის ქუჩაზე ახალი, ორზონიანი სტადიონი გახსნა.
როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, სპორტული მოედნები, რომლებიც 960 კვ.მ-ზე მოეწყო, ფეხბურთისა და კალათბურთისთვისაა განკუთვნილი. მშენებლობამდე, სტადიონების მოსაწყობად განსაზღვრული ტერიტორიის გეოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მდინარე ვერესა და ჩიქოვანის ქუჩის მხრიდან საყრდენი კედლები მოეწყო, ასევე, მოგვარდა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის პრობლემა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, წელს ქალაქის მასშტაბით, ბავშვთა სათამაშო მოედნების გაკეთება აქტიურად მიმდინარეობს.
„მხოლოდ საბურთალოს რაიონში 20-ზე მეტი სტადიონი კეთდება, მათ შორის ეს, რომელიც დღეს გაიხსნა, ერთ-ერთი პირველია. დღეიდან აქ ბავშვებს შეეძლებათ ითამაშონ, როგორც ფეხბურთი, ასევე კალათბურთი. ეს ყველაფერი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და მისი ხელშეწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდია ინტერესი პატარებისა და მოზარდების მხრიდან, ასე რომ, წელს ქალაქში ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ღონისძიების ფარგლებში, ჩიქოვანის ქუჩაზე მცხოვრებ ბავშვებს, სიმბოლურად, ფეხბურთის ბურთები გადაეცათ.
აღნიშნული სპორტული მოედნების მოსაწყობად, საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 95 000 ლარი დაიხარჯა.
სტადიონების გახსნას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ლევან გოგიჩაიშვილი და ლევან კობიაშვილი ესწრებოდნენ.