საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მწვანე ნარგავებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები, დედაქალაქში არსებული მწვავე მდგომარეობიდან გამომდინარე , მიმართული უნდა იყოს მწვანე საფარის მაქსიმალურად დაცვისაკენ და არ უნდა გააუარესოს არსებული მდგომარეობა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატიდან იუწყებიან.
სახალხო დამცველი ეხმაურება დავით სონღულაშვილის ინიციატივას ხეების ჭრასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაპყროს გარემოს დაცვის ინტერესებს, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებას და ახალი რეგულაციები მათზე დაყრდნობით მიიღოს.
„როგორც ცნობილია, 2016 წლის ბოლოს, 15 დეკემბერს პარლამენტში დარეგისტრირდა სამშენებლო კომპანია „m2 უძრავი ქონების“ საკანონმდებლო წინადადება, რომლის ძირითადი მიზანი დედაქალაქში ხეების მოჭრის გამარტივება იყო. აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიურომ გადაწყვეტილება მომდევნო დღესვე, 16 დეკემბერს მიიღო და მისი განხილვა 3 კომიტეტს დაავალა. 20 დეკემბერს აღნიშნული საკითხის განხილვა 2 კომიტეტის დღის წესრიგში მოხვდა. კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ამ წინადადებას, რომლის მიხედვითაც: „თბილისის ტერიტორია არსებითად დაფარულია მწვანე საფარით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებს ხის მოჭრის შესაძლებლობა, ბიზნესი მნიშვნელოვნად შეფერხდება მსხვილი, ქვეყნისათვის სასიკეთო ეკონომიკური ეფექტის მქონე პროექტების განხორციელებაში და შეუძლებელი იქნება ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება“. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტმა ძალიან მოკლე ვადაში განიხილა და მოიწონა, რის შემდეგაც, 22 დეკემბერს პარლამენტში დარეგისტრირდა პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის ინიციატივა ხეების ჭრასთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტად ქცევას რეალურად მხოლოდ 1 კვირა დასჭირდა. მწვავე საზოგადოებრივი გამოხმაურების გამო, კანონპროექტის განხილვა ასეთივე სწრაფ რეჟიმში აღარ გაგრძელებულა და დღეს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მას პირველი მოსმენით განიხილავს.
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონი ძალიან მწირ გარანტიებს შეიცავს დედაქალაქში მწვანე საფარის დაცვის უზრუნველსაყოფად. კონკრეტულად, ხეების ჭრისას გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი ღონისძიება, რომელიც ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების საკომპენსაციოდ გარკვეული თანხის გადახდას გულისხმობს. სხვა ღონისძიებები აღნიშნული კანონით გათვალისწინებული არ არის. დავით სონღულაშვილის ინიციატივა ითვალისწინებს ამ ერთადერთი დამცავი მექანიზმის – კომპენსაციის გაუქმებას განსაზღვრულ შემთხვევებში. კანონპროექტი ასევე ვერ ახერხებს გადაჭრას ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება ხეების მდგომარეობისა და დაავადებული მწვანე ნარგავების განკურნების შეუძლებლობის დადასტურებას.
იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქში მწვანე საფარისა და ზოგადად, ეკოლოგიის კუთხით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, ხოლო ახალი მშენებლობები რეალურად უსისტემოდ მიმდინარეობს და დარჩენილ მწვანე ზონებს ემუქრება, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაპყროს გარემოს დაცვის ინტერესებს, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებას და ახალი რეგულაციები მათზე დაყრდნობით მიიღოს.