ბაზარზე ახალი ქართული ნატურალური წვენი გამოჩნდება

უახლოეს დღეებში ბაზარზე ახალი ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ გამოჩნდება.

პროდუქტის წარმოებას კომპანია „ზედაზენი“ გეგმავს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა მიქაცაძემ განუცხადა, წვენი „ჩერო“ უნიკალური ასეპტიკური ტექნოლოგიით დამზადდება, რაც პროდუქტის დაბალი ტემპერატურული რეჟიმით დამუშავებას გულისხმობს.

„აღნიშნული ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ხილის გემო, სტრუქტურა და სასარგებლო თვისებები. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქცია უნიკალურია და მსგავსი რეგიონში არ არის,“-აღნიშნა მიქაცაძემ.

როგორც მიქაცაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს,  პროდუქცია განკუთვნილია როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ. კომპანია ბაზარზე იმპორტირებული პროდუქტის სრულად ჩანაცვლებას გეგმავს.

სავაჭრო ქსელებში პირველ ეტაპზე ვაშლის, ფორთოხალი მანდარინით, ალუბალი ვაშლით და მულტიხილის ნექტრები გაიყიდება. მომავალში კი დაგეგმილია ფორთოხლის და ვაშლის 100% - იანი წვენის, ალუბლის, ანანასის ნექტრის და სხვა ხილისგან დამზადებული მიქსების წარმოება.

წვენების წარმოება საგურამოში, „ზედაზენის" ქარხანაში მოხდება. აღნიშნული პროექტის ღირებულება დაახლოებით 25 მილიონ ლარს შეადგენს. შედეგად ბიუჯეტში დამატებით 5 მილიონი ლარის გადახდა მოხდება. ამასთან, პროექტის ფარგლებში დამატებით 100-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

რაც შეეხება წარმადობას, პირველი ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ 10 მილიონი ლიტრის წარმოება მოხდება. თუმცა, ქარხანას 3-ჯერ მეტის წარმოების საშუალება აქვს.

სს "ქართული ლუდის კომპანია" 2011 წელს დაარსდა. კომპანია ლუდს, ლიმონათს და რამდენიმე უალკოჰოლო სასმელს აწარმოებს.