საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიზნესთან დიალოგს განაგრძბს.როგორც სამინისტროდან იუწყებიან, საგადასახადო საკითხებზე დღეს, გაიმართა შეხვედრები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ბანკების ასოციაციისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა და საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მამუკა ბარათაშვილმა, შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ლევან წითელაშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად საგადასახადო კანონმდებლობასა და მასში ბიზნესის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით კანონმდებლობის დახვეწის, მისი ლიბერალიზაციის კუთხით მიმდინარე სამუშაოები, აგრეთვე საგადასახადო კოდექსში არსებული ბუნდოვანი მუხლებისა და რეგულაციების დაზუსტების საკითხები.
”აღინიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო მოწოდებულია, ბიზნესთან დიალოგის გზით, ისეთი ცვლილებები შეიტანოს საგადასახადო კოდექსში, რომელიც უფრო დახვეწს და გაამარტივებს საგადასახადო ადმინისტრირებას გადასახადის გადამხდელებისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული საგადასახადო პოლიტიკის მიზანი კერძო სექტორისა და უცხოური ინვესტიციებისათვის, ასევე, ბიზნესის დაწყების და განვითარებისათვის, მიმზიდველი და ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, გადასახადის გადამხდელებისთვის საგადასახადო კანონმდებლობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, საგადასახადო ადმინისტრირება გამარტივებული და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
მიღწეული შეთანხმებით, განსაზღვრულ პერიოდის ვადაში ბიზნეს გაერთიანებები ფინანსთა სამინისტროს წერილობით მოაწვდიან კონკრეტულ შენიშვნებსა და წინადადებებს”, - აცხადებენ სამინისტროში.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, სამინისტრო გააგრძელებს დისკუსიებს მართავს ბიზნეს გაერთიანებებთან და სავაჭრო პალატების წარმომადგენლებთან საგადასახადო კოდექსის სრულყოფის მიზნით.