საფინანსო სექტორის ზედამხედველობის უფლებამოსილების ეროვნული ბანკისათვის დაბრუნების საკანონმდებლო პაკეტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
როგორც კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ განმარტა, საქართველოს მთავრობამ კონსულტაციების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, ეროვნული ბანკისთვის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გადაცემის შესახებ. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი რეკომენდაციებიც.
კომიტეტის სხდომაზე გამართული დისკუსიისას, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ცვლილებას ორი ძალიან კონკრეტული არგუმენტი აქვს - ერთი ის, რომ თანამშრომლობა ეროვნულ ბანკსა და ქვეყნის სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დღეს არის ნორმალურ რეჟიმში, რაც მანამდე არ იყო. მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით პროცესი გარკვეულ ჩიხშია შესული, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.