ევრო პოლიტიკური რისკის წნეხის ქვეშ იმყოფება

ორშაბათიდან მოყოლებული ევროს კურსზე ზეწოლას ახდენს საფრანგეთის ყოფილი პრემიერის ალენ ჟუპეს განცხადება, რომ მზად არ არის ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე კენჭის საყრელად. ბაზარმა ეს ინფორმაცია აღიქვა, როგორც მარინ ლე პენის გამარჯვების შანსის ზრდა, რამაც ევროზე ძლიერი უარყოფითი გავლენა იქონია, რაც გუშინ მისი კურსის კლებაში აისახა.

უარყოფით სენტიმენტს აძლიერებს ის გარემოება, რომ ლე პენის გამარჯვება, შესაძლო „ფრექსიტთან“ ასოცირდება, რაც ევროპის კავშირის მთლიანობაზე შესაბამისად ძლიერი დარტყმა იქნება. ეს ყველაფერი ევროს მძიმე მდგომარეობაში ამყოფებს და ახლო მომავალში მისი კურსის ზრდას შეზღუდავს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ეკონომიკის ფუნდამენტური მაჩვენებლები, გაუმჯობესების დასაწყისზე მიუთითებს, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების გარემოებები, ინვესტორებს გაურკვევლობაში ამყოფებს. იმის მიუხედავად, რომ ევროზონაში ინფლაციის დონემ ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ ოპტიმალურ ნიშნულს - 2%-ს მიაღწია, ცენტრალური ბანკი მაინც პასიურ პოზიციას ინარჩუნებს და მონეტარული პოლიტიკის შეცვლას არ ჩქარობს. დიდი ალბათობით, ასე იქნება დღეს, როცა ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროპის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ტექნიკური ანალიზის თვალსაზრისით, ევრო-დოლარის წყვილი დღიურ გრაფიკზე კვლავაც ზეწოლის ქვეშ იმყოფება. წყვილის ფასი აგრძელებს 150-პუნქტიან შუალედში (რომლის ქვედა ზღვარიც 1.0500-ზე გადის) მოძრაობას. ამ ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, წყვილის ფასი 1.0350-კენ აიღებს კურსს.

იენი - რისკებისგან თავშესაფარი

ბრექსიტთან დაკავშირებული პრობლემები, საფრანგეთის არჩევნები და ტრამპის აქტიურობა, პოლიტიკურ რისკებს საზრდოს აძლევს, რაც თავის მხრივ, ინვესტორებს ეგრეთ წოდებული რისკებისგან თავშესაფრისკენ - უსაფრთხო აქტივებისკენ უბიძგებს. ასეთ აქტივთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იაპონური იენია. ინვესტორების მიერ რისკებისგან თავის არიდება, უახლოეს მომავალში იენს კიდევ უფრო პოპულარულ ვალუტად აქცევს, რასაც დიდი ალბათობით, მისი გამყარების გამოწვევა შეუძლია.

ამ შემთხვევაში ბაზრისთვის და ინვესტორებისთვის საინტერესო გახდება იაპონიის ბანკის რეაქცია, რადგან იენის ცვალებადი ფასები, ქვეყანაში ბიზნეს სენტიმენტებს და შესაბამისად, ეკონომიკის გაუარესებას გამოიწვევს. ამაზე იაპონიის ბანკის პასუხი კი რაოდენობრივი შემსუბუქების პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც იენის უკონტროლო გამყარებას აკავებს.

ამერიკული დოლარისა და იაპონური იენის წყვილი ორივე ვალუტის გამყარების ფონზე, ფართო დიაპაზონში იმყოფება. დღიურ გრაფიკზე წყვილის ფასი 115.00-სა და 112.50-ს შორის მოძრაობს. ინვესტორებისთვის რისკებისგან თავშესაფრის ძიების პროცესში, წყვილის ფასის კლებაა შესაძლებელი და შესაბამისად, ფასი შესაძლოა 112.50-ისკენ გაემართოს. მაგრამ პარასკევს ამერიკაში შრომის ბაზრის სტატისტიკა გამოქვეყნდება და დადებითი მაჩვენებლების შემთხვევაში, წყვილის ფასი, ზრდის ძლიერ სტრიმულს მიიღებს.

ფუნტი 1.2200-ს ჩასცდა

ამერიკულ დოლართან მიმართებაში ბრიტანული ფუნტის ფასი 1.2200-ზე დაბლა დაეშვა და ბოლო შვიდი კვირის მინიმუმი დააფიქსირა. ბრიტანულ ვალუტაზე კვლავაც უარყოფითად მოქმედებს ბრექსიტთან დაკავშირებული გაურკვევლობა. ინვესტორები მოუთმენლად ელიან ბრიტანეთის პარლამენტის ზედა პალატის გადაწყვეტილებას, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ბრექსიტთან დაკავშირებული მოლაპარაკების დაწყების ფორმალური უფლება უნდა მიანიჭოს. 50-ე სტატიის ამოქმედებამდე, სტერლინგის სისუსტე პერიოდულად აუცილებლად იჩენს თავს.

სტერლინგისა და დოლარის წყვილის ფასი მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. კლების ტრენდი განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ფასი ფსიქოლოგიურ ზღვარს 1.2200-ს ჩამოსცდა და ბოლო შვიდი კვირის მინიმუმი დააფიქსირა, რამაც 1.2100-ის მიღწევის რეალური პერსპექტივა დასახა.

დოლარი ყურადღების ცენტრში

მოახლოვდა 14-15 მარტი, როცა ფედრეზერვმა დოლარის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ბაზარი ელის, რომ განაკვეთი გაიზრდება, რაც დოლარის კურსს აძლიერებს. ტექნიკური თვალსაზრისით, დღიურ გრაფიკზე დოლარის ინდექსს ზრდის ტრენდის განახლების რეალური პერსპექტივა აქვს, რასაც ამყარებს გრაფიკზე მაღალი მაქსიმუმების და მაღალი მინიმუმების მიმდევრობა. 102.00-ის გარღვევის და მის ზევით დამკვიდრების შემთხვევაში, გაჩნდება 102.50-ის მიღწევის რეალური შანსი. მყიდველები სიტუაციას მანამ გააკონტროლებენ, სანამ ამერიკული ვალუტის ინდექსი 101.25-ის მაღლა რჩება.

მომზადებულია FXTM-ის ანალიტიკის მიხედვით