ებრაელი ინვესტორი და არასამთავრობოები TUV Rheiland Group-ის წინააღმდეგ

ისრაელის კომპანია ”ტექნოტესტ ჯორჯია”, რომელიც საქართველოში სამი წლის წინ შემოვიდა და ერთი მილიონი დოლარი ავტოტექმომსახურების სამი სერვისის მოსაწყობად დახარჯა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

საქმე ეხება ხელისუფლების მიერ გავრცებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას გერმანული კომპანია ”ტუვ რაილანდ გრუპი” (TUV Rheiland Group) განახორციელებს.

როგორც ებრაელი ინვესტორი და ”ტექნოტესტ ჯორჯიას” დამფუძნებელი, შაბათ ბრახა აცხადებს, მისი კომპანია ისრაელში უკვე 40 წელია, აღნიშნულ ბიზნესში საქმიანობს და იქ 17 ობიექტს ფლობს. კომპანიამ გადაწყვიტა ტექსმომსახურების ქსელი საქართველოშიც გადმოეტანა, რისთვისაც რეკომენდაცია საქართველოს მთავრობისგან მიიღო.

”ჩვენი ბიზნეს-გეგმა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, ისრაელში ვიზიტის დროს გავაცანით. საქმიანი საუბარი გვქონდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრთანაც. აღნიშნულ წინადადებას მათი მხრიდან დადებითი რეაქცია მოჰყვა და ჩვენც გავაქტიურდით, თუმცა, გადაწყვეტილება მიიღეს იმ კომპანიის სასარგებლოდ, ვისაც მხოლოდ ზედამხედველობის და ტექნიკური პასპორტების გაცემის გამოცდილება აქვს. მას ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების გამოცდილება არ გააჩნია”, - განუცხადა გადაცემა ”ბიზნესკურიერს” შაბათ ბრახამ.

კომპანიაში ეჭვქვეშ აყენებენ გერმანელი კონკურენტი კომპანიის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასაც 140-წლიანი გამოცდილების შესახებ.

”140 წლის წინ, გარდა იმისა, რომ საერთოდ არ არსებობდა ავტომანქანა, რომელიც წარმოიშვა და მოევლინა სამყაროს 1906 წელს, მანქანის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ”, - აცხადებს ”ტექნოტესტის” იურისტი, მოშე საფირი. 

საფირი აპროტესტებს იმას, რომ საქართველოს მთავრობამ სავალდებულო ავტოტექდათვალიერების უზრუნველსაყოფად ”ტუვის” შემოყვანა ტენდერის ჩატარების გარეშე გადაწყვიტა.

”თუ ჩატარდება ტენდერი, მონაწილეობას აუცილებლად მივიღებთ, რადგან არ გვეშინია, დავიცვათ თანაბარი უფლებები, იქნებ ჩვენი პირობები სხვაზე უკეთესია”, - აცხადებენ განაწყენებული ინვესტორები.

”ტუვის” კონკურსის გარეშე შემოყვანას ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაცია ”კოალიცია საზოგადეობრივი ინიციატივაც”. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ვასილ ურუშაძემ განაცხადა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლეს მიეღოთ ინფორმაცია, ვინ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებაში.

”საზოგადოებაში ამ საკითხზე დიდი ინტერესია, საქმე ეხება 900 ათასი ავტომობილის მფლობელს. სავალდებულო ტექდათვალიერებაზე სამთავრობო უწყებათაშორისი საბჭოს, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით შეიქმნა, დაარსების დღიდან ვუწევთ მონიტორინგს, 2013 წლის განმავლობაში, საბჭო მხოლოდ ერთხელ, 2 მაისს შეიკრიბა, რასაც წერილობით გვიდასტურებენ, თუმცა, ვერანაირი გეგმა და სტრატეგია ვერ შეიმუშავეს. უცებ აღმოვაჩინეთ, 28 იანვარს, რომ თურმე, ვიღაცამ გადაწყვიტა, საქართველოში გერმანული კომპანია შემოეყვანა”, - აცხადებს ურუშაძე.

მისი თქმით, კითხვაზე, ვინ იყო პასუხისმგებელი ”ტუვ რაილანდის” საქართველოში მოწვევაზე, პასუხი აქამდე ვერ მიიღეს.

”ეს საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ ამის უკან დგას ბიზნესმონოპოლია და კორუფციული ინტერესები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ხდება მანიპულირება”, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ვასილ ურუშაძის თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში გამჭვირვალეობა და კონკურენტუნარიანი გარემო შენარჩუნდეს, ამასთანავე, სახელმწიფო სახსრების რაციონალური ხარჯვა მოხდეს, უმჯობესი იქნებოდა, სავალდებულო ტექდათვალიერების უზრუნველყოფაზე მთავრობას ტენდერი გამოეცხადებინა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძე კი აცხადებს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, კანონი უწყებას ტენდერის ჩატარებას არ ავალდებულებდა. თუმცა, ისიც დასძინა, რომ ”ტუვთან” დაკავშირებით ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის და მოლაპარაკებები გრძელდება.

”ვერ იქნა შემოთავაზებული სახელმწიფოსთვის ყველაზე მისაღები პირობები, მათ შორის, რომ არ მოხდეს ადგილობრივი ბიზნესის დაჩაგვრა და ”ტუვმა” თავისი საქმიანობა მათთან თანამშრომლობის ფორმატში განაგრძოს. შესაბამისად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან გაგრძელდეს მოლაპარაკება და მასთან გასაფორმებელი შეთანხმება იყოს წარმოდგენილი მთავრობის სხდომაზე, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ სხვა საერთაშორისო ოპორატორებთან, თუ უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებენ, არ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები”, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.