”ქართული ოცნების” გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია, რომ მოსახლეობის ჯიბიდან იხარჯება გაცილებით მეტი და მოსახლეობა ცხოვრობს გაცილებით ცუდად, - ამის შესახებ მოძრაობა ”ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
აბესაძე გამოეხმაურა სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის ღირებულების გაზრდას და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ლარის კურსის გაუფასურების და აქციზის გადასახადის გაზრდის გამო საწვავზე ფასების მატების ბრალია.
”ოთხი წლის განმავლობაში მუდმივად ძვირდება ცხოვრება და კიდევ უფრო გაუსაძლისი ხდება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ეს პირდაპირ „ოცნების“ ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია და იმის დამსახურებაა, რომ ლარის კურსი გაუფასურდა, საწვავზე ფასებმა მოიმატა, ეს ყველაფერი კი ”ქართული ოცნების” გაუაზრებელმა პოლიტიკამ განაპირობა, გაიზარდა აქციზის გადასახადი. ამ ყველაფერმა კი სატრანსპორტო ხარჯების გაზრდა გამოიწვია. ეს ”ქართული ოცნების” პასუხისმგებლობის საკითხია”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსის” განცხადებით, თბილისში მიკროავტობუსით გადაადგილების გარკვეულ მარშრუტებზე მგზავრობის საფასური იზრდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანიიდან აცნობეს, მოკლე მანძილებზე მგზავრობის საფასური გაუთანაბრდება მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების ტარიფს და დღეიდან 40 თეთრის ნაცვლად ეღირება 50 თეთრი, ხოლო 80-თეთრიანი ტარიფი არ შეიცვლება.