სად გაჩერდება კურსი და რა იქნება მისი სტაბილურობის გარანტი, უცნობია.
სპეციალისტებს ლარის სწრაფი გამყარება აეჭვებთ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე ტრენდი გალარების პროგრამის მოკლევადიანი ეფექტით იყოს გამოწვეული. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, თუკი ტენდენცია 17 მარტის შემდეგაც შენარჩუნდება, ცხადია, ეჭვიც გაიფანტება. ამ შემთხვევაში, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, კურსი შესაძლოა, 2,30-2,35 ნიშნულზე დაბალანსდეს და ეს იქცეს ახალ საორიენტაციო ნიშნულად.
ჯერჯერობით კი საბანკო სფეროს წამყვან სპეციალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის გაუმჭვირვალობა აშინებთ. მათი განცხადებით, ბოლო პერიოდში სებ-ი შეუვალი სტრუქტურა გახდა და ნებისმიერი ინფორაციის მიღება უჭირთ. აქედან გამომდინარე, ისინი ფიქრობენ, რომ ლარის გამყარება ხელოვნურად მართული პროცესია, რამდენადაც ფუნდამენტური ფაქტორები ასეთი ტენდენციის საფუძველს არ იძლევა.
ორგანიზაცია "პირადი ბანკირის" დამფუძნებელი ირაკლი ბერძენაძე არ მალავს, რომ მისთვის ლარის მკვეთრი გამყარების მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით იგი მიმდინარე ტენდენციას გალარების პროგრამას უკავშირებს.
"ძალიან სწრაფად მყარდება და ბევრ ეჭვს იწვევს, 2,30-2,35 ყველაზე კარგი ნიშნულია, რომელზეც უნდა გაჩერდეს. სავარაუდოდ, აპრილისთვის ლარი ამ ნიშნულზე უნდა იყოს, თუკი ტენდენცია გაგრძელდება. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რატომ გამყარდა ლარი ასე სწრაფად, ხომ არ იყო ეს ე. წ. ლარიზაციის პროგრამის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი. თუ ასეა, გამოდის, რომ კურსი ხელოვნურად მყარდება. ძალიან ცუდი სავალუტო თამაში გამოუვათ.
დიდი ინტერესით ველოდები, როგორი იქნება კურსი 17 მარტის შემდეგ, როცა გალარების პროგრამის ვადა ამოიწურება. ყველა ეჭვი მოიხსნება, თუკი არსებული ტენდენცია შენარჩუნდება", - აცხადებს ბერძენაძე და დასძენს, რომ გაზაფხულ-ზაფხულის სეზონი ლარისთვის მეტ-ნაკლებად მომგებიანი უნდა აღმოჩნდეს, რაც შესაძლებელს გახდის, რომ კურსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასტაბილურდეს.
"ლარის კურსზე ტურიზმიდან შემოსული თანხების ასახვას ნაკლებად ველოდები, უფრო ინვესტიციების იმედი მაქვს. უცხოური კაპიტალი ყოველთვის გაზაფხულსა და შემოდგომის პირველ ნახევარში შემოდის. ამიტომაც ნოემბრის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე კურსს უჭირს. ზაფხულში გლობალური პრობლემები თუ არ გვექნა, ლარი მეტ-ნაკლებად მყარი იქნება.
სამართლებრივად, ამჟამინდელი კურსი (2,45) უფრო სწორი ნიშნული იყოს ლარისთვის, ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე. ჩვენ თუ არ გვინდა, რომ გაძვირდეს დოლარი, მეტი ინვესტიცია უნდა მივიღოთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. უფრო რეალურია თუ ექსპორტს წავახალისებთ და ინვესტორების გადაწყვეტილებებზე არ ვიქნებით დამოკიდებული. ხშირია, როცა ინვესტორი შემოდის, ხელშეკრულებებს დებს, მაგრამ საბოლოოდ ვალდებულების შეუსრულებლად გადის ქვეყნიდან. ასე ლარის კურსი სტაბილური ვერ იქნება", - აცხადებს ბერძენაძე.
მიუხედავად იმისა, რომ ლარის გამყარება უდავოდ პოზიტიური მოვლენაა, მისი გამომწვევი მიზეზი გაურკვეველი რჩება. საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ ბევრი გაუგებარი პროცესი მიმდინარეობს.
"ეროვნული ბანკი მალავს რაღაც ინფორმაციებს, განსაკუთრებით, რეფინანსირების სესხებთან დაკაშვირებით, ამიტომ ძალიან რთულია კონკრეტულად რამის თქმა. ფაქტია, რომ ასეთი რყევა ეროვნულ ვალუტას არ უნდა ჰქონდეს. ფუნდამენტური ფაქტორები ამას არ მიუთითებენ. ეს უკვე არის მონეტარული პრობლემა. სებ-ი ვერ ფლობს სიტუაციას და ვერც ხსნის, რატომ ხდება ასე. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, ეს არის სპეკულაციური შეტევა ლარის კურსზე და ვიღაცები ამით ხელს ითბობენ", - აცხადებს თუთბერიძე და დასძენს რამდენიმე მიზეზზეც, რამაც მისი თქმით, ლარის გამყარებას რეალურად უნდა შეუწყოს ხელი.
"მიმოქცევაში ფულის რაოდენობა უნდა შეიზღუდოს, არ იყოს ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა და მიმდინარე ბალანსის დეფიციტი გაუმჯობესდეს. ლარის კურსის გასამყარებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო დროს ბევრი რამ ლარის კურსის სასარგებლოდ მეტყველებს. მაგალითად, ტურისტების რაოდენობა ბოლო პერიოდში, ექსპორტ-იმპორტის ბალანსი და სხვა. მიუხედავად ამისა, ლარი გაუგებარ ამპლიტუდაშია. მისი ქცევა ცოტათი უცნაურია.
ძალიან ძნელია თქვა, რომ ლარი ეძებს წონასწორობის ახალ ნიშნულს. ქვეყანა უკვე მიეჩვია ამ კურსით ცხოვრებას. ვხედავთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საეჭვოდ უფასურდება და მერე მყარდება. ასეთი რყევები საშიშია. უცნობია ისიც, როგორ მოიქცევა სებ-ი მომავალში და კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის კუთხით რამდენი ლარი დასჭირდებათ. სებ-მა რამდენად იცის ან ფლობს ამ სიტუაციას, ბუნდოვანია.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ფონდთან აღადგინა ურთიერთობა და ეს არის კარგი. შესაძლოა, მან აიძულოს მთავრობა და სებ-ი, რათა ლარის გამყარების მიზნით შეთანხმებული პოლიტიკა განახორციელონ", - აცხადებს გოჩა თუთბერიძე.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"