ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს „მზის ენერგიის კომპანიას“ შორის გასული წლის აპრილში გაფორმებული 1-წლიანი მემორანდუმი მთავრობამ ვადაზე ადრე შეწყვიტა.
მემორანდუმის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გარდაბნისა და სოფელ კალინინოს ტერიტორიაზე უნდა მომხმდარიყო მზის პოტენციალის შესწავლა, კონკრეტულად, ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადეს, მემორანდუმის შეწყვეტის მიზეზი ინვესტორი კომპანიის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის წარდგენის ვადების დარღვევა გახდა.
მათივე ცნობით, იმ ტერიტორიაზე და კოორდინატებში, სადაც ინვესტორი კვლევას ატარებდა, ამ ეტაპზე ინტერესთა გამოხატვა არ გამოცხადებულა და შესაბამისად, არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობს.
„მზის ენერგიის კომპანია“ საქართველოში ამერიკული კომპანია Headwall Power International-ის წარმომადგენელია. Headwall Power International-ს მსოფლიოში ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს.
ამერიკული კომპანია საქართველოში 50-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის აშენებასა და რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის დაბანდებას გეგმავდა.