პირველად კავკასიის რეგიონში, Google საქართველოსთვის სპეციალურ ბიუჯეტს გამოყოფს, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებას.
ამის შესახებ Palitra TV-ის გადაცემა ”საქმის” ეთერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა.
ქაშიბაძის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს Google-თან, რის შედეგადაც მოხდა აღნიშნული ბიუჯეტის გამოყოფა საქართველოსთვის.
”აპრილის დასაწყისში ვატარებთ IT ინოვაციების კვირეულს, რომლის ფარგლებშიც იქნება Google-ის დღე თავისი ვორქშოფებით,” - აღნიშნა ქაშიბაძემ.
მისი თქმით, სამინისტრო თანამშრომლობს Apple-თანაც, არსებობს გარკვეული გეგმები ამ მიმართულებითაც.
”ზოგადად ძალიან რთულია, რომ დააინტერესო სპონსორები, როდესაც არის სტარტაპ პროექტი. ჩვენ მიერ წამოწყებული პირველი IT ინოვაციების კვირეულები და ჰაკათონები იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ახლა უნივერსიტეტები უკვე თავად მართავენ ჰაკათონებს. მაგალითად დეკემბერში ჩატარდა ერთი და ახლა კიდევ ერთი გაიმართება მარტში. ეს არის მაგალითი, თუ რა როლი აქვს სახელმწიფოს ამ პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე პროცესი წარიმართება კომპიუტერულ ინდუსტრიაშიც, რადგან ჩვენი მხრიდან პირველი თანამშრომლობის ნაბიჯები და პირველი ბიძგი იგივე შედეგს გამოიღებს IT ინდუსტრიაშიც,” - განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ.