რა ქონებას ფლობს ვასილ მაღლაფერიძე

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს. მანამდე ვასილ მაღლაფერიძე ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს“-ში მთავარ პროდიუსერად მუშაობდა. აღნიშნულ თანამდებობაზე მისმა შემოსავალმა 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 93 167.38 ლარი შეადგინა.

2017 წლის 4 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვასილ მაღლაფერიძე ფლობს გუდაურში 45 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას, რომელიც 2007 წელს 40 000 დოლარად შეიძინა. მასვე ეკუთვნის საგარეჯოში, სოფელ გომბორში 2008 წელს 8 ათას ლარად შეძენილი 190 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი და ამავე ტერიტორიაზე მდებარე, ჯამში 4 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ფლობს მსუბუქ ავტომობილს - TOYOTA RAV4-ს, რომელიც 2015 წელს 13 000 დოლარად აქვს ნაყიდი.

ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში მაღლაფერიძეს ნაღდი ფულადი თანხის სახით 25 ათასი ლარი ჰქონდა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვასილ მაღლაფერიძეს ჰყავს მეუღლე ლალი ჩხვიმიანი, რომელიც თბილისში, 2009 წელს 300 ათას ლარად შეძენილ, 600 კვადრატული მეტრი ფართობის კომერციულ ფართს ფლობს. მას ეკუთვნის ასევე საგარეჯოში, სოფელ გომბორში, 1 400 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი; თბილისში 164 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა, რომელიც 2015 წელს 125 ათას დოლარად აქვს შეძენილი.

დეკლარაციის შევსების მომენტში ჩხვიმიანს "თი-ბი-სი ბანკის" ანაბარზე 55 ათასი ევრო ერიცხებოდა. ამასთან, ნაღდი ფულადი თანხის სახით 25 ათასი ლარი ჰქონდა.

ლალი ჩხვიმიანი თბილისში მდებარე შპს "სინათლის სახლი ორიონის" 100%-იანი წილის მფლობელია, რომლის საქმიანობითაც წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა 12 326 ლარი შეადგინა. ამ კომპანიაში მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობისას კი მისი წლიური შემოსავალი 7 200 ლარი იყო.

გარდა ამისა, წინა წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჩხვიმიანმა იჯარის შედეგად 24 ათასი ლარი მიიღო.