კარგად დააკვირდით ამ ფოტოს: როგორ ატყუებენ ჯიხურებში უცხოელებს

რეჟისორი გიორგი ოვაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ერთ-ერთი ვალუტის ჯიხურის მიერ დადგენილ კურსზე წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

კარგად დააკვირდით ამ ფოტოს:

ვთქვათ, თქვენ ხართ უცხოელი, თქვენს ქვეყანაში ბევრი კარგი გაიგეთ საქართველოს, ამ მომხიბლავი, ახალი ტურისტული მარშრუტის შესახებ და გადაწყვიტეთ თქვენი შვებულება ან არდადეგები ამ ქვეყანაში გაატაროთ.

თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ, თქვენი ვალუტა, ქართულ ეროვნულ ვალუტაში გადაცვალოთ.

ვთქვათ ქუჩაში, გზად მიმავალმა, გადაწყვიტეთ 100 ამერიკული დოლარი გადაცვალოთ ერთ-ერთ ასეთ სავალუტო ჯიხურში. რა თქმა უნდა ჯერ შეხედავთ აბრას, რომელზეც გადაცვლის კურსი წერია. ფოტოზე ხედავთ რომ ეს კურსი არის 2.455. ბუნებრივია თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენს 100 ამერიკულ დოლარში გადაგიხდიან 245 ლარს და 50 თეთრს. მიდიხართ სარკმელთან, სარკმლის მიღმა სანდომიანი ახალგაზრდა გოგონა ზის. თქვენ უწვდით 100 დოლარიანს. გოგონა იღიმის, ბეჭდავს ქვითარს, ითვლის თქვენთვის მოსაცემ თანხას და გაწვდით. თქვენ თანხას ართმევთ და მიდიხართ. ყველა ბედნიერია.... მაგრამ, ვთქვათ თქვენ ოდნავ ყურადღებიანი აღმოჩნდით.

რას აკეთებთ? ითვლით სანდომიანი გოგონას მოცემულ თანხას და აღმოაჩენთ რომ 245 ლარის და 50 თეთრის ნაცვლად ხელში 214 ლარი და 60 თეთრი გაქვთ. თქვენ თუ ზრდილობა გასწავლეს ოჯახში, გოგონას მოკრძალებით ეუბნებით რომ მას თანხა შეეშალა. გოგონა გპასუხობთ რომ მას არაფერი შეშლია და ჯობს კარგად დააკვირდეთ აბრას, სადაც გარკვევით წერია 2.146.

ამის შემდეგ თქვენ გამოთქვამთ პროტესტს. ღელავთ, ნერვიულობთ. ამასობაში ორიოდე ჯეელიც მოგიახლოვდებათ, რომლებიც ამ კეთილშობილურ ბიზნესს მფარველობენ. ატყდება ერთი ამბავი. თქვენ უცხოელი ხართ, უცხო ქვეყანაში. დაუცველი. უკეთეს შემთხვევაში იძახებთ პატრულს.

პატრული მართლაც მოდის. არკვევს სიტუაციას და ისევ მიდის. ამბობს, რომ მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. გადაცვლის კურსი აბრაზე წერია (მართალია ჯერ დოლარის გაყიდვის კურსი წერია და მერე შესყიდვის, მაგრამ აბა ასეთ წვრილმან დარღვევას ვინ რას დაგიდევთ). თქვენ ხვდებით რა უსუსური ხართ, დაუცველი, როგორ მოგატყუეს და ისღა დაგრჩენიათ ამ დაწყევლილ ქვეყანას აგინოთ, ლანძღოთ და ყველას, სადაც ხმა მიგიწვდებათ შეატყობინოთ რომ ამ ქვეყანას არ გაეკარონ.

სამწუხაროდ, დღეს თბილისის ტურისტულ ადგილებში ვალუტის გადასახურდავებელი ჯიხურების დიდი ნაწილი ასე მუშაობს. შესაბამისად ჩვენი ქვეყნის მაგინებლების რაოდენობა დღითი დღე იზრდება.

ვინ უნდა აგოს პასუხი ამაზე? აქვს თუ არა ეროვნულ ბანკს ეს ვალდებულება? აქვს თუ არა უფლება ასეთი თაღლითობისთვის ლიცენზია გაუუქმოს ასეთ ჯიხურს?

უნდა ჰქონდეს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის უფლება რომ ამ თაღლითებს ებრძოლოს?

სახელმწიფომ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს.

გვიპასუხეთ ვისაც ეს საკითხი გეხებათ!