პრინციპები 285 მილიონ დოლარად გაყიდეთ? საქართველოს პარლამენტი და მთავრობა კანონებს ფულის მასშტაბებიდან გამომდინარე იღებს?! - აღნიშნული განცხადებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ, ”ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას მიმართა.
გოცირიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკისთვის ფინანსური ზედამხედველობის უფლებამოსილების დაბრუნების გადაწყვეტილების უკან სავალუტო ფონდის წინაპირობა დგას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა 285-მილიონ დოლარს ვერ მიიღებდა.
”ამ ფასად თმობთ თქვეს შეხედულებებს?! იქნებ სხვა რამეშია საქმე და ჩვენ არ ვიცით?! გთხოვთ განგვიმარტოთ, ამ კანონის ფორსირებულად, დაჩქარებულად მიღების აუცილებლობა. რა მოხდება, თუკი საკანონმდებლო პაკეტს ჩვენ ამ ორ დღეში არ მივიღებთ?” - მიმართა გოცირიძემ მმართველი გუნდის წევრებს.
პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, პირველი მოსმენით, მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომელიც ეროვნულ ბანკში 2015 წლამდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენას და მის შემადგენლობაში ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის დაბრუნებას ითვალისწინებს.
საკითხი პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ წარუდგინა.
ცვლილებების თანახმად, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, ეროვნულ ბანკი განისაზღვრება.
როგორც ნიკოლოზ გაგუამ განმარტა, საქართველოს მთავრობამ საფინანსო სექტორის სტაბილურობის გასაძლიერებლად, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საჭიროდ ჩათვალა 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის დაბრუნება პირვანდელი სახით.
”საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში 2015 წლის სექტემბერში განხორციელებული ცვლილებებით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გადაეცა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნული ცვლილებების მოქმედება შეაჩერა. შესაბამისად, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის განმახორციელებელ ორგანოს დღემდე ეროვნული ბანკი წარმოადგენს.
საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.