ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლებში ადგილების თითქმის 92% დაკავებულია

2016 წლის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 6 სახელმწიფო სახლია.

საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ სახლებში არსებული 392 განთავსების ადგილიდან 359 დაკავებულია, 2015 წელთან შედარებით ეს რიცხვი 2-ით შემცირდა. საქსტატის ცნობით, 2016 წლის ბოლო მონაცემებით, ხანდაზმულთა და შშმ პირთა შენახვაზე გაწეულმა ხარჯებმა 3 736 100 ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის ხარჯს (3 565 300 ლარი) 170 800 ლარით აღემატება.

რაც შეეხება ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო სახლების შემოსავალს, საქსტატში ეს ინფორმაცია 2009 წლის შემდეგ არ გამოქვეყნებულა. 2009 წელს კი ეს თანხა 2 774 700 ლარს შეადგენდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა 2 სახელმწიფო სახლია, მათ შორის ერთი შშმ და ერთი ჩვილ ბავშვთა სახლი. დაწესებულებებში ბავშვთა რიცხოვნობის შესახებ ინფორმაცია, კანონის ,,საქართველოს კანონი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ’’ თანახმად, კონფიდენციალურია.