ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის დაბრუნებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის დაბრუნება მნიშვნელოვანია.

როგორც კოვზანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

,,ამ საკითხში არის სამართლებრივი ჩიხი, რომელსაც ჭირდება სწრაფი გადაწყვეტა. ეს არის ქვეყნის ინტერესებში. საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე წელიწადზე მეტია იხილება ეს საკითხი და რატომღაც გადაწყვეტილი არ არის. დღეს საქართველოს ჭირდება საბანკო ზედამხედველობა, რომელიც იქნება ადეკვატური, მკაცრი, დამოუკიდებელი საფინანსო სექტორის ყველა მოთამაშის მიმართ და არამარტო საბანკო სექტორის, არამედ არასაბანკო მონაწილეეების მიმართაც, რომელშიც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ პრობლემებს. ამ თვალსაზრისით სააპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს კანონპროექტს, რომელიც დღეს იხილება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

პარლამენტი მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლითაც საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია კვლავ ეროვნულ ბანკს უბრუნდება.

საკითხის განხილვა მთავრობამ დაჩქარებული წესით მოითხოვა. აღნიშნული ცვლილებებით კანონიდან ხდება ყველა იმ ნორმის ამოღება, რომლის გათვალისწინებით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უნდა განეხორციელებინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ერთი დღითაც არ შეუსრულებია თავისი ფუნქცია, რადგან ცვლილებები, რომელიც კანონში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ შევიდა, საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა.