2022 წლისთვის საქართველოში სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელება დაიწყება, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო შენობებს შეეხება. ინიციატივა ევროკომისიას ეკუთვნის.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება, აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დღეს ევროკავშირის დელეგაცია ესტუმრა, რომელსაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატერინა მატერნოვა ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებთან ერთად ევროკომისიის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველომ ხელი მოაწერა ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების პროტოკოლს და აიღო ვალდებულება, დაუახლოვდეს ევროპულ დირექტივებს მშენებლობის ენერგოეფექტურობის შესახებ. ეს დირექტივები აყალიბებს გარკვეულ სტანდარტებს შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის სტანდარტებით მოსაწყობად.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც აღნიშნულ დირექტივებთან დაახლოების პროცესს ეხება. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე აცხადებს, აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის.
,,ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა მოსახლეობას ხელს შეუწყობს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის მოცულობა შემცირდეს, შესაბამისად, შემცირდეს გადასახდელი თანხის რაოდენობაც. ენერგიის მოხმარება მთელ მსოფლიოში იზრდება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შენობები იყოს უფრო ენერგოეფექტური, დაინერგოს ენერგოეფექტურობა წარმოებაში (ან მრეწველობაში), დაინერგოს უფრო ენერგოეფექტური ტრანსპორტი და ა.შ. საქართველოში მალე ახალი შენობები იქნება ენერგოეფექტური და უნდა გატარდეს ღონისძიებები, რათა არსებული შენობები უფრო ენერგოეფექტური გახდეს. ეს ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ხარჯების შემცირებას“ , - განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
როგორც ევროკომისიის მდივანმა კატერინა მარტინოვამ განაცხადა, აღნიშნულ პროექტში საქართველოს შესაბამისი პროფილის ორგანიზაციები გაუწევენ დახმარებას, რაც თავისთავად გაზრდის ინვესტირებას და ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში.
,,ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ვცდილობთ ქვეყანაში გავზარდოთ ენერგოეფექტურობა. დღევანდელი დისკუსიაც მთავრობის წევრებთან ამ თემაზე წარიმართა. მათ წარმოგვიდგინეს ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა, რაზეც ვიმსჯელეთ და მივიღეთ ძალიან დიდი მხარდაჭერა ქართული მხარისგან. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მათთან ერთად და დავეხმაროთ როგორც ლოჯისტიკურ, ასევე ტექნიკურ სეგმენტში“, - აღნიშნა კატერინა მარტინოვამ.