გოდერძის სამთო კურორტზე ექვსი სასტუმროს მშენებლობა ოქტომბრამდე დასრულდება

შპს „Goderdzi Resorts“, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შეიქმნა, გოდერძის უღელტეხილზე, სოფელ ბეშუმში, სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებისთვის ექვსი სასტუმროს ტიპის კოტეჯის მშენებლობაზე ტენდერს აცხადებს.

ოთხნომრიანი, 12 ადამიანზე გათვლილი კოტეჯები ტრადიციული აჭარული სახლის ესთეტიკისა და დეკორატიული ელემენტების გამოყენებით უნდა აშენდეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აჭარული სახლი სხვა ქართული არქიტექტურული ტიპებისგან მკვეთრად განსხვავდება, ნედლეულად გამოსაყენებელი მასალაა ადგილობრივი ხე, მოსაპირკეთებლად - ქვა და ფაჰვერკი, რაც გულისხმობს ქვისა და ხის სპეციალურ წყობას.

bpn bpn

მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 2,3 მილიონი ლარია.

სასტუმრო-კოტეჯების მშენებლობა გამარჯვებულმა კომპანიამ წელს ოქტომბრამდე უნდა დაასრულოს, ამასთანავე, საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის, არანაკლებ, 70% და მუშა-მოსამსახურეების - 90% საქართველოს მოქალაქეებით უნდა დააკომპლექტოს.

გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2200 მეტრზეა, ყოველწლიურად ივნისიდან სექტემბრამდე 7 ათას დამსვენებელს იზიდავს. ჯერ კიდევ ძველმა ხელისუფლებამ 2011 წელს საკურორტო სეზონის გახანგრძლივება გადაწყვიტა. აშენდა საბაგირო გზები, სადაც 2013 წლამდე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. სულ პროექტის მიხედვით, დაგეგმილია 38 მსგავსი სასტუმრო-სახლის მშენებლობა.