დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესა და “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულ მოვაჭრეებს შორის შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დაზარალებულებმა განუცხადეს, მათ დააყენეს საკუთარი მოთხოვნა, პირველ ეტაპზე 5 000-ლარიანი კომპენსაციის შესახებ.
მათი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე განუცხადა, რომ უშუალოდ საკრებულოს ამის რესურსი არ გააჩნია და ის მიმართავს სახელმწიფო უწყებებს, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.
დაზარალებულების თქმით, საუბარი შეეხო სარეზერვო ფონდებს, მათ შორის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდსაც. ასევე შუამდგომლობას ბანკების ასოციაციასთან დავალიანებებთან მიმართებაში.
დაზარალებულები მომავალი კვირის ხუთშაბათამდე, “ბავშვთა სამყაროსთან” აქციებს გამართავენ.
როგორც დაზარალებულები აცხადებენ, შედგება ხელახალი სიები და ამ სიების მიხედვით მოხდება ზარალის დათვლა.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმაც.
მისი თქმით, მოხდა შეთანხმება, რომ საკრებულოში ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი.
“ამ სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება მომავალი კვირის სამშაბათს. ასევე ჩვენ ვთხოვეთ, რომ მათაც შექმნან სამუშაო ჯგუფი და დააზუსტონ დაზარალებულების ზუსტი მონაცემები. ეს მონაცემები მათაც არ იციან ზუსტად. მათ ძალიან კარგად იციან და გაცნობიერებული აქვთ, რომ მიმდინარეობს დავა ორ კერძო სუბიექტს შორის. ჩვენ, საკრებულო ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ყველა სტრუქტურასთან გავარკვიოთ, რითი შეგვიძლია მათი დახმარება. ჩვენ მაქსიმალურად ჩართულები ვიქნებით ამ პროცესებში და მაქსიმალურად შევეცდებით მათ დახმარებას. მომავალი შეხვედრა გაიმართება შემდეგ ხუთშაბათს და საბოლოოდ რაზე შევთანხმდებით, ამას საზოგადოება გაიგებს”, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.
მისივე თქმით, საკრებულო არ ფლობს იმ რაოდენობის ბიუჯეტს, რომ სოციალური დახმარებები გასცეს.
“ეს არის მთლიანად მერიის კომპეტენცია. საკრებულოდან ისინი ვერაფერს მიიღებენ, ამიტომ არის ჩვენი შუამდგომლობები არსებითი სახელმწიფო სტრუქტურებთან”, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.