ნოდარ ხადური: ინფლაციის უმნიშვნელო ზრდა ბიუჯეტის დანაკლისს ვერ შეავსებდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ინფლაციის უმნიშვნელო ზრდა ბიუჯეტის დანაკლისს ვერ შეავსებდა.

აღნიშნულის შესახებ ხადურმა გაზეთ "კვირის პალიტრის" ეკონომიკურ ჩანართს, "ეკონომიკურ პალიტრას" განუცხადა.

გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ხადური გამოემხაურა დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნას და გამოთქმულ მოსაზრებას, თითქოს ეს ბიუჯეტში მეტი თანხის მობილიზებას უწყობდა ხელს.

"ეს პროცესი მოხდა მთელ მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ზოგან მეტად და ზოგან ნაკლებად. აშშ-ის ეკონომიკის გამოცოცხლებამ გამოიწვია დოლარზე მოთხოვნის ზრდა ყველა ქვეყანაში, მათ შორის, მაგალითად, თურქეთში 20%-ით. ჩვენი ეკონომიკა დოლარიზებულია და ყველა საქმიანი გარიგების 70-75% დოლარში იდება. როცა ეკონომიკის გამოცოცხლება იწყება, დოლარზე მოთხოვნა იზრდება," - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ასეთ დროს ჩნდება სუბიექტური ფაქტორებიც, ხდება ცუდი მოლოდინების ტირაჟირება, "რომ ქვეყანა ინგრევა, ლარს კუპონის ბედი ელის, ხადური რას აკეთებს და სხვა".

"ვალი სახელმწიფოსაც უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული და თუ დოლარის კურსი ლარის მიმართ იზრდება, ეს არც სახელმწიფოს აწყობს, რადგან ვალის მომსახურების ხარჯები იმატებს. რაც შეეხება ბიუჯეტის შევსების სარგებელს, უკაცრავად, თქვენ ეს არ გეხებათ, მაგრამ ეს არაპროფესიონალური განაცხადია, რადგან ინფლაციის უმნიშვნელო ზრდა ვერ შეავსებდა ბიუჯეტის დანაკლისს", - აცხადებს ხადური "ეკონომიკურ პალიტრასთან" ინტერვიუში.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ხელოვნურად შექმნილმა აჟიოტაჟმა, ოპონენტებისა და "ყველაფროლოგი" ექსპერტების უსაფუძვლო განცხადებებმა გამოიწვია ის, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ჰქონდათ ლარი, კონვერტირება დოლარში გადაწყვიტეს, ხოლო ვისაც დოლარი ჰქონდა, ელოდებოდა კურსის კიდევ უფრო ზრდას.

"შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნა გაჩნდა, ბაზარს კი დოლარი არ მიეწოდებოდა", - განმარტავს ფინანსთა მინისტრი და სწორედ ამ სიტუაციით ხსნის ეროვნული ბანკის მიერ დოლარის ინტერვენციის დაწყებას.