საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ იტალია-საქართველოს ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ფორუმზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ იტალიის სახელმწიფო საექსპორტო-საკრედიტო სააგენტო SACE-სთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ქართული დელეგაციის წევრები და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანჯელინო ალფანოსი დაესწრნენ. ფორუმში 250-ზე მეტი წამყვანი იტალიური და ქართული ბიზნესკომპანია მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც ორი ქვეყნის საინვესტიციო თანამშრომლობისა და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს.
იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმის ფარგლებში, საპარტნიორო ფონდსა და იტალიის სახელმწიფო საექსპორტო-საკრედიტო სააგენტო SACE-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. SACE ინვესტორებს იაფი ფინანსური რესურსით იტალიური ტექნიკა-დანადგარების შეძენის შესაძლებლობას აძლევს. საქართველოში სენდვიჩ პანელების მწარმოებელმა კომპანია „პანექსმა“ საპარტნიორო ფონდის ჩართულობით იტალიის ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს SACE- ს მეშვეობით საწარმო მაღალტექნოლოგიური იტალიური დანადგარების მწარმოებელი SAIP-ის საწარმოო ხაზით აღჭურვა. იტალიის სახელმწიფო საექსპორტო-საკრედიტო სააგენტო SACE საპარტნიორო ფონდს ასევე ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შექმნის მიმართულებითაც.
საპარტნიორო ფონდსა და იტალიის სახელმწიფო საექსპორტო-საკრედიტო სააგენტო SACE-ს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ორივე კომპანია ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ექსპორტის გაზრდას იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ინტერესით შერჩეული პროექტების განხორციელების გზით.
„იტალია ჩვენი ქვეყნის სავაჭრო პარტნიორების ათეულშია და იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ურთიერთობები ამ ხელშეკრულების შედეგად კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება. ჩვენი ურთიერთობა SACE-თან ახლა არ დაწყებულა, ჩვენ ორი წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან ექსპორტის ხელშემწყობი სააგენტოს შექმნაზე, რომელიც საზღვარგარეთ ბაზრებზე ორიენტირებულ ჩვენს ადგილობრივ კომპანიებს დაეხმარება. სააგენტოს მიზანი სწორედ ჩვენი ექსპორტიორი კომპანიების ინტერესების დაცვა იქნება, მათი საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, რითიც სამომავლოდ ვუზრუნველვყოფთ საქართველოდან ექსპორტის პოტენციალის ამაღლებას და ეკონომიკის დივერსიფიკაციას“, - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
ხელმოწერის ცერემონიაზე SACE-ეს დირექტორმა ბენიამინო ქუინტიერიმ განაცხადა, რომ ხელშეკრულება აქტიურად დაეხმარება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
იტალიის სახელმწიფო საექსპორტო-საკრედიტო სააგენტო SACE საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობს საშენ მასალათა წარმოების ზოგიერთი ადგილობრივი პროექტის დაფინანსების კუთხით. საპარტნიორო ფონდი და იტალიური სააგენტო ასევე იმუშვებენ ინფორმაციის გაცვლაზე და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე. ისინი მცირე და საშუალო ზომის ბიზნეს-კომპანიებს ინოვაციურ საკონსულტაციო და ტექნიკური დახმარების მომსახურებას გაუწევენ.
SACE იტალიის სახელმწიფო საექსპორტო-საკრედიტო სააგენტოს წარმოადგენს, რომელიც პარტნიორი ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებს მიკრო და მცირე საწარმოების ხელშეწყობისთვის იაფ კრედიტს და ექსპორტიორ კომპანიებს გლობალურ ბაზრებზე სავაჭრო ოპერაციებში მხარდაჭერას სთავაზობს. SACE ფულად რესურსს ინოვაციურ ბიზნესებში აბანდებს და კომპანიებს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებით სარგებლობას სთავაზობს.