ქართული ბრენდის პროდუქცია ლონდონში ექსპორტზე გავიდა

საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდი Spilow-ს პროდუქცია დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ექსპორტზე გავიდა.

ქართულმა კომპანიამ ცოტა ხნის წინ დაიწყო თანამშრომლობა მაღაზია Igloo-სთან და საკუთარი პროდუქცია ლონდონში ექსპორტზე სამი კვირის წინ გაიტანა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა ტასო ჯაფარიძემ განუცხადა, ექსპორტზე ძირითადად კაბები და მოსაცმელები გავიდა.

„გარდა ამისა, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წიგნის გმირების ფორმებიც გავაგზავნეთ. თუმცა, ეს მხოლოდ საცდელი პარტია იყო, შესაბამისად, მცირე რაოდენობა გაიგზავნა,“-აღნიშნა ჯაფარიძემ.

Spilow-ს ბრენდის ტანისამოსი 1-დან 12 წლამდე ბავშვებისთვისაა გათვლილი. იკერება როგორც მაისურები, კაბები, შარვლები, პალტოები და ა.შ.

ბრენდს საფუძველი გასული წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ორმა მეგობარმა ჩაუყარა. ამ ეტაპზე კი საქმიანობას 3 გოგონა - ტასო ჯაფარიძე, მარინკა ღარიბაშვილი და სოფო ჩხაიძე აგრძელებს. ჯაფარიძის თქმით, პროდუქციას ძირითადად, ბუნებრივი ნაჭრებისაგან კერავენ, რომელსაც უმეტესად ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობენ. თუმცა, როგორც ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე ნაჭრების ჩამოტანა და საკუთარი წარმოება დაიწყონ. Spilow-ს ბრენდის პროდუქცია ამ ეტაპზე თბილისში რამდენიმე მაღაზიაში და ინტერნეტ-გვერდზე იყიდება.