აზერბაიჯანში ექსპორტი 20%-ით შემცირდა, ძირითადად, ავტომობილებისა და პირუტყვის ხარჯზე

აზერბაიჯანში, სადაც ქართული პროდუქცია ყველაზე დიდი რაოდენობით გადის, იანვარში 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტი 20%-ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 581 ერთეულით, ანუ 6,5 მილიონი დოლარით (24%-ით) შემცირდა მეზობელ ქვეყანაში რეექსპორტირებულ ავტომანქანათა ღირებულება და 20,4 მილიონი დოლარი შეადგინა. 300 ტონით, 850 ათასი დოლარით (25%-ით) მოიკლო ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტმა, 3,4 მილიონ დოლარამდე. 10 ათასი ტონით, ანუ 754 ათასი დოლარით (40%-ით) 1,1 მილიონ დოლარამდე შემცირდა ცემენტის რეალიზაცია.

აზერბაიჯანში 645 ტონით, ანუ 526 ათასი დოლარით (22%-ით) გაიზარდა მხოლოდ ”არმატურის” ექსპორტი და 2,4 მილიონი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა თითქმის უცვლელი დარჩა (48,6 მილიონი დოლარი).

15,5%-ით გაიზარდა ბუნებრივი აირის იმპორტი აზერბაიჯანიდან და 40,3 მილიონი დოლარი შეადგინა. სამაგიეროდ, 2.5 -ჯერ შემცირდა შემოტანილი ნავთობის ღირებულება (2,6 მილიონ დოლარამდე). უცვლელია თაბაშირის იმპორტის მოცულობა და, თითქმის, 1 მილიონი დოლარით განისაზღვრა. თითქმის 6-ჯერ გაიზარდა ბოცების, ბოთლებისა და სხვა მინის ტარის იმპორტი, 682 ათას დოლარამდე, ამავე თვეს მეზობელი ქვეყნიდან პრაქტიკულად ახალი სასაქონლო ჯგუფის, ავტომანქანების ნაწილების შემოტანა დაიწყო, რომლის ღირებულებამ 370 ათას დოლარს მიაღწია.