„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ „ქართულ ოცნებას“ მისი შემოსავლის 349% შესწირა, რაც „საგანგაშო და კურიოზულია“

საარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ შემოწირულობა 19-ჯერ აღემატება „პატრიოტთა ალიანსის“ შემოწირულობას და 6-ჯერ მეტია ყველა კვალიფიციური სუბიექტის ჯამურ შემოწირულობებზე ,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამების მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა, რომელმაც მედიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კვლევის პრეზენტაცია წარუდგინა.

მისი განცხადებით, მმართველი პარტიის და დანარჩენების შემოწირულობებს შორის მსგავსი სხვაობა საქართველოს საარჩევნო ისტორიისთვის უპრეცენდენტოა.

„კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა საარჩევნო პერიოდში 2016 წლის 8 ივნისიდან 16 ნოემბრამდე მთლიანობაში 21 726 165 ლარის კერძო შემოწირულება მიიღეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი 19 183 489 ლარი (86%) მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, შემდეგ მოდის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 998 001 ლარით, მესამეზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ 972 764 ლარით. მთლიანი შემოწირულობების 85% 1 233-მა ფიზიკურმა პირმა გაიღო, ხოლო დანარჩენი 15% - 65-მა იურიდიულმა პირმა“, - აღნიშნულია კვლევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცემებით, საარჩევნო პერიოდში სულ 122-მა სახელმწიფო თანამდებობის პირმა და მათმა ოჯახის წევრებმა განახორციელეს ფულადი შემოწირულობა, 122-დან 8 პირის შემთხვევა აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს - ჰქონდათ თუ არა საკმარისი შემოსავალი, რათა შეეწირათ პოლიტიკური პარტიისთვის, ხოლო ამ რვა პირიდან, ოთხი მოქმედი ან ყოფილი პარლამენტის წევრია.

ლევან ნატროშვილის განცხადებით, განსაკუთრებით „საგანგაშო და კურიოზულია“ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის შემთხვევა, როცა მან პარტიას წმინდა შემოსავლის 349% შესწირა.

„ზვიად კვაჭანტირის 2017 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წელს პარლამენტიდან შემოსავალი 66 465 ლარი ჰქონდა, თუმცა იმავე წელს იპოთეკური სესხის მომსახურებისთვის ჯამში მან 21 600 აშშ დოლარი, ხოლო შვილების სწავლისთვის 6 750 ლარი გადაიხადა. შედეგად მივიღეთ, რომ ზვიად კვაჭანტირაძის 2016 წლის დეკლარირებული წმინდა შემოსავალი წარმოადგენს 8 594 ლარს. მიუხედავად ამისა, კვაჭანტირაძემ მაინც მოახერხა გაეღო 30 000 ლარი „ქართულ ოცნების“ სასარგებლოდ, რაც მისი წლიური წმინდა შემოსავლის 349% წარმოადგენს. ასევე, აღსანიშნავია, რომ გაღებული შემოწირულობა პარლამენტარს დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რაც კანონის მოთხოვნების დარღვევაა.

ზაზა პაპუაშვილმა „ქართულ ოცნებას“ შესწირა 45 000 ლარი. წინა წელს მისი შემოსავალი 78 885 ლარი იყო, ამასთან პაპუაშვილმა 36 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის მომსახურებისთვის წლის განმავლობაში 23 984 შსს დოლარი გადაიხადა. შედეგად პაპუაშვილის წმინდა შემოსავალი 24 442 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიისთვის გაღებული 45 000 ლარი მისი წლიური წმინდა შემოსავლის 184%-ს წარმოადგენს.

ფატი ხალვაშის შემოსავალი 2016 წელს 57 610 ლარი იყო, 40 00 აშშ დოლარიანი იპოთეკური სესხის მომსახურებისთვის მან წლის განმავლობაში 7 920 აშშ დოლარი გადაიხადა, შედეგად, ფატი ხალვაშის წლიურმა წმინდა შემოსავალმა 39 632 ლარი შეადგინა. მან სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 20 000 ლარი შესწირა, რაც მისი წმინდა შემოსავლის 50%-ია.

ზურაბ აბაშიძემ, რომელიც მაშინ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო პარტიას 20 000 ლარი შესწირა, რაც მისი წმინდა შემოსავლის 50% შეადგენს“, - განაცხადა ნატროშვილმა.

ორგანიზაციამ აღნიშნული მონაცემები წარმოადგინა პარტიების მიერ შევსებული დეკლარაციების, ცესკო-ს და მარეგულირებელი კომისიის მონაცემების მიხედვით. კვლევაზე მუშაობდნენ „საერთაშორის გაჭვირვალობა - საქართველოს“ თანამშრომლები გიგი ჩიხლაძე, თამთა კახიძე და გიორგი ბერაია. კვლევა USAID-ის მეშვეობით მომზადდა.